ევროკავშირის მიერ დამტკიცებული მაკროფინანსური დახმარებიდან 300 მილიონს უკრაინა უკვე მიიღებს. ეს არის პირველი ტრანში, რომელიც კიევს გაეგზავნა - ამის შესახებ ითქვა ვერსალში, სადაც ევროპელ ლიდერებს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი მიმდინარეობს.
ევროკავშირის სამიტი ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე მსჯელობს. შედეგი იქნება ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც მიიღებენ.
"ჩვენ მნიშვნელოვანი სიგნალი გავუგზავნეთ უკრაინას, რომ მას ეხსნება გზა, შეუერთდეს ევროკავშირს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ერთიანები უკრაინისათვის დახმარების გაწევაზე. გვსურს, უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. ამ დროისთვის გვაქვს დისკუსია იმაზე, თუ რა გზებით შეიძლება ეს გაკეთდეს. უკრაინისთვის კარი ღიაა.
ცხადია, რომ პუტინს აქვს განსახორციელებელი აგრესიის გეგმა, ჩვენ არ ვიცით თუ როგორია ამ გეგმის სრული სურათი. მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვის წინააღმდეგ ჩვენ 2 კვირაში დავაწესეთ სანქციები, რასაც საკმაოდ სწრაფად მოხდა. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და მოვლენათა შესაბამისად ვაპირებთ სანქციები გავამკაცროთ," - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშანის კარიშმა.
"ეს არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ნათელი გზა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ ამისთვის უნდა დააკმაყოფილოს ყველა კრიტერიუმი. არ არსებობს გაწევრიანების სწრაფი გზა და ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. მესმის რაც ხდება ახლა უკრაინაში, ჩვენ ძალიან განვიცდით ამას. გვესმის ამ დროს უკრაინელი ხალხის იმედების, რომ მათ ჩვენი იმედი აქვთ, სწორედ ამიტომ დასავლეთი აწესებს სანქციებს და ვაძლევთ უკრაინას სხვადასხვა სახის დახმარებას.
ვწუხვართ როდესაც ვხედავთ კადრებს, როგორ ბომბავენ სამშობიაროებს. ჩვენ დავაწესებთ უფრო მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ახლა კი უნდა დავრწმუნდეთ, რომ სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაცია და კონფლიქტის გაფართოება არ მოხდება," - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინიმ.