27 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
რა სისტემით და როგორი განრიგით გადაჰყავთ ლტოლვილები პოლონეთში - "კურიერის" ბოლო ცნობები ლვოვიდან

უკრაინის ქალაქი ლვოვი ლტოლვილების გადინების მთავარ არტერიად იქცა. "კურიერის" ერთ-ერთი გადამღები ჯგუფი სწორედ ლვოვში იმყოფება და ვითარებას ადგილზე ეცნობა.

რა სისტემით და როგორი განრიგით ხდება იმ ადამიანების საზღვარზე გადაყვანა, რომლებიც საკუთარი სახლებიდან რუსულ აგრესიას გაექცნენ. აღნიშნული დეტალები "კურიერის" ჟურნალისტმა ლვოვიდან მოგვაწოდა.

უკრაინა-პოლონეთის საზღვარი 1 300 000 ადამიანმა გადაკვეთა. ორგანიზება შედარებით კარგად არის დაგეგმილი, ყოველ 2-3 საათში სრულდება რეისები და ნაკლები დატვირთვა მოდის ვაგონებზე. მგზავრობა უკრაინის მოქალაქეებისთვის არის უფასო პოლონეთის მიმართულებით.

ფუნქციონირებს საავტომობილო რეისებიც, ადამიანები მიკროავტობუსებით მიჰყავთ ლვოვამდე და შემდეგ კი პოლონეთისკენ გადაჰყავთ.

საზღვარზე არ წყდება ავტომობილების ნაკადი, მოქალაქეები  პოლონეთისკენ საკუთარი მანქანებითაც მიდიან.

"კურიერის" ჟურნალისტის ცნობით, ლვოვში ბევრი მანქანა დადის რომელსაც აქვს წარწერა  "ბავშვები", იქიდან გამომდინარე, რომ მათ შესაძლოა ვინმემ ცეცხლი გაუხსნას და ცდილობენ, ასე დაიცვან უსაფრთხოება.

ხალხის განაწილებაზე არაერთი ორგანიზაცია მუშაობს, რათა ისინი  დროებით თავშესაფრებში განათავსონ. ადგილობრივები იძულებით გადაადგილებულ პირებს სახლებშიც მასპინძლობენ. კერძო პირები და სასტუმროები, რომლებიც უცხოელებზე აქირავებენ სასტუმროებს, ამ ფულს არმიის დასახმარებლად რიცხავენ.

ქალაქში არ არის პროდუქტების ნაკლებობა, თუმცა რჩება საცხოვრებელი ფართების დეფიციტი.

ლვოვში, ასევე, ჩადიან ქართველებიც უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან. ქართველების დიდი ნაწილი უკვე სამშვიდობოზეა, ვარშავაში დღეს 50-ადგილიანი ავტობუსი გაემგზავრა. საქართველოს მოქალაქეების გადაყვანა საელჩოს დაფინანსებით ყოველდღე ხდება. უკრაინაში  საქართველოს ელჩი ახლა  ლვოვში იმყოფება. როგორც საელჩოში აცხადებენ, თუ საჭირო გახდება, საქართველოს მოქალაქეების გადასაყვანად  საელჩო  დამატებით რეისებსაც დანიშნავს.

დღის ამბები