27 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
რუსული აგრესია და უკრაინის კრიზისი - ევროკავშირის ლიდერები ვერსალის ისტორიულ სასახლეში ხვდებიან

ამ წუთებში ევროკავშირის ლიდერები ვერსალის ისტორიულ სასახლეში ხვდებიან. შარლ მიშელის მიპატიჟებითა და ემანუელ მაკრონის მასპინძლობით, ლიდერების სამიტი 2 დღის განმავლობაში იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს დაეთმობა, რომელმაც რუსული აგრესიის შემდეგ ევროპული არქიტექტურა სრულიად შეცვალა.

რუსული აგრესია და უკრაინის კრიზისი ცენტრალური საკითხია, მათ შორის კიევისთვის, რომელიც ევროპული კარის გაღებას დროზე ადრე ცდილობს.

თუმცა სამსჯელო სხვაც ბევრია. მაგალითად, მოსკოვის სანქცირება და ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, მაგრამ მთავარი რუსეთის ენერგომატარებლებიდან ჩახსნაა.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ამბობს, რომ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება უნდა დასრულდეს და ამისათვის მასშტაბური ინვესტიციებია საჭირო.

"ახლა ევროპისთვის გადამწყვეტი მომენტი დგას - ეს ასევე არის გამოცდა ჩვენი დემოკრატიის გამძლეობაზე. დღეს ვიმსჯელებთ ჩვენი თავდაცვის გაძლიერებაზე, გადავხედავთ ენერგეტიკულ პოლიტიკას. უნდა დავასრულოთ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება და ამისათვის მასშტაბური ინვესტიციები დაგვჭირდება, თუმცა ეს ამავდროულად იქნება სტრატეგიული ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობაში. აუცილებლად განვიხილავთ უკრაინის ჩვენს ოჯახში წევრობის საკითხს. გვსურს თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინა, ვისთანაც ბედისწერას გავიზიარებთ," - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლეიენი.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ ერთად უნდა გადაიდგას ის ნაბიჯები, რომელიც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით პოზიტიურ შედეგს დადებს.  

"განსახილველი გვაქვს ყველა გეოპოლიტიკური მოცემულობა და მათი შედეგები. უმნიშვნელოვანესია, რომ ევროკავშირმა ჩვენს დამოკიდებულებებზე ძლიერი სიგნალი ვაჩვენოთ. რუსული აგრესიის წინაშე ერთიანები უნდა ვიყოთ, თუმცა არც ესაა საკმარისი, ერთად უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით პოზიტიურ შედეგს მოგვცემს," - ამბობს შარლ მიშელი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ლიდერებმა ორი მიმართულებით უნდა იმუშაონ, მათ შორის როგორ გაძლიერდეს რუსეთზე ზეწოლა და ასევე, როგორ შეიქმნას უფრო ძლიერი, ეკონომიკური საფუძველი გამოწვევების დასაძლევად. 

"აქ ლიდერებმა ორი მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ - თუ როგორ გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მან შეწყვიტოს ეს გიჟური ომი და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა დიპლომატიური ქმედებებით, მაგრამ ასევე სანქციებით. და მეორე, გავზარდოთ ევროკავშირის გამძლეობა ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და სამხედრო შესაძლებლობები, რათა შევქმნათ უფრო ძლიერი, ეკონომიკური საფუძველი გამოწვევების დასაძლევად," - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

დღის ამბები