არა ომს - რუსეთში ეს სიტყვები ახლა დანაშაულის ტოლფასია. სიმართლის თქმისთვის აკავებენ ყველას - ქალებს, მოხუცებს, ბავშვებსაც კი. უკრაინაში ომის დაწყების დღიდან პროტესტის ჩახშობას ცდილობენ არა მხოლოდ დაპატიმრებით ან ფიზიკური შეურაცხყოფით, არამედ კანონმდებლობის გამკაცრებითაც. რუსებს დაემუქრნენ ჯარიმებით და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
უკრაინას, ქვეყანას სადაც მათი პრეზიდენტის ბრძანებით რუსული არმია შეიჭრა და სადაც ომი მილიონობით ადამიანის უბედურების მიზეზი გახდა, აქციის მონაწილეები მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით უცხადებენ. სოლიდარობა თავისუფლების აღკვეთის ხარჯზე - ასე ხდება დროშის დაჭერის შემთხვევაში.
აკავებენ მაშინაც, თუ კი სამართალდამცველებს რიგითი მოქალაქეები საპროტესტო აქციის პოტენციური მონაწილეები ჰგონიათ - კრემლის მოპირდაპირედ, მანეჟნაიას მოედანზე ასეთი ”გონივრული ეჭვის” საფუძველზე არაერთ ადამიანს დაადეს ხელბორკილები. ხალხის შეკრებას ქუჩებში რუსული პოლიცია მკაცრად აკონტროლებს. მას შემდეგ, რაც მთავარი საინფორმაციო წყაროები, სოციალური ქსელები და ყველა ძირითადი უცხოური მედია დაიბლოკა, მოქალაქეები ინფორმაციის გავრცელებას და ვიდეოგადაღებას მობილური ტელეფონებით ახერხებენ, რუსული მილიცია კი აქტიურად ცდილობს გააკონტროლოს ის, რაც ქვეყანაში კრემლის ნარატივს ეწინააღმდეგება.
რუსეთში არ არსებობს "ომის საწინააღმდეგო მოძრაობა". ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებს არ ჰყავს კონკრეტული ორგანიზატორი. ბევრი დემონსტრაცია დაიგეგმა პირადი ქსელებითა და სოციალური მედიით. ზოგიერთ შემთხვევაში კი აქტივისტები უბრალოდ მიდიოდნენ ქალაქის ცენტრში იმ იმედით, რომ იპოვიდნენ თანამოაზრეებს.
უკრაინის მხარდაჭერამ გააძლიერა რუსეთის 14 ათასამდე მოქალაქეც, რომლებიც ომის დაწყების დღიდან დააკავეს. 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის მოსახლეობის უმეტესობა დააპატიმრეს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, ორ უდიდეს ქალაქში, თუმცა პროტესტი ისმოდა ქვეყნის 150ზე მეტ ქალაქში.