შეტაკებები კიევის ოლქში - ქალაქის გარეუბანთან საარტილერიო თავდასხმების დროს, მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. გარდაცვლილია ასაკოვანი ცოლ-ქმარი. დაიბომბა მარიუპოლიც, სადაც ცენტრში საოკუპაციო ძალებმა ჭურვები ისროლეს. დაზიანდა მიმდებარე შენობები. ქალაქიდან ისევ ვერ ხერხდება მოსახლეობის ევაკუაცია, მარიუპოლში ვერ აღწევს ვერც ჰუმანიტარული დახმარება. პარალელურად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაცია, რომ 64 კილომეტრიანი კოლონა, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა განადგურებულია. ამ წუთებში ევაკუაცია მიმდინარეობს ქალაქ ბუჩადან, რომელიც კიევიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.
კიევის მერი ამბობს, რომ დედაქალაქი უკვე ყოველმა მეორე მცხოვრებმა დატოვა.
ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ მარიუპოლის სამშობიაროში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთთი ბავშვია:
"მარიუპოლის სამშობიაროში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ბავშვია - გოგონა. დაჭრილთა რაოდენობა კი 17-ია, მათ შორის არიან ქალები, ბავშვები და მედიცინის მუშაკები. რუსეთმა მოიტყუა, რომ თითქოს იქ ნაციონალისტები დასახლდნენ. ისინი თავდაჯერებულად იტყუებიან, როგორც ყოველთვის, ომის დანაშაულები შეუძლებელია პროპაგანდისტების გარეშე. მინდა მათ ერთი რამ ვუთხრა: თქვენ გიპასუხებთ ისევე, როგორც ყველას, ვინც ბრძანებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბავს. ჩვენ ვიპოვით პროპაგანდისტებს და მათთან დაკავშირებულ პირთა მთელ ქონებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ჩამორთმეული იქნეს, სადაც არ უნდა იყოს. გიყვართ მდიდარი ცხოვრება, აყვავებული ქვეყნები? ეს აღარ გექნებათ და ეს მხოლოდ დასაწყისია. თქვენ აუცილებლად დაისჯებით ომის დანაშაულებებში თანამონაწილეობისთვის. ჩვენ არ გავხდით მონები და ეს არასდროს მოხდება, უკრაინა ჩვენი სიამაყეა. ჩვენი გამარჯვების შემდეგ ჩვენ ავაშენებთ ყველაფერს,"- აცხადებს ზელენსკი.