27 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი, თურქეთში ქვეყნის 2 უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი, თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის 2 უმსხვილეს ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა წამყვანი თურქული ფარმაცევტული საწარმოებიც დაათვალიერა და ინდუსტრიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტით წარმოებული მედიკამენტების იმპორტი უმნიშვნელოვანესია. მისივე განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას უკვე შეუძლია, თურქეთიდან იმპორტირებული, ხარისხიანი მედიკამენტები, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინოს, აღნიშნული წამლების სია კი ეტაპობრივად გაიზრდება.

დაიგეგმა ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში, სადაც მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის გაზრდის მიზნით, მხარდაჭერის მექანიზმებს განიხილავენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილი თურქ კოლეგასაც შეხვდა. მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში არსებული ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ესტუმრება.

"თურქეთში ჩემი ვიზიტის ფარგლებში შევხვდი ორ უმსხვილეს თურქულ ფარმაცევტულ კომპანიას. შევთანხმდით თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მაღალი ხარისხის GMP-ის სტანდარტით წარმოებული მედიკამენტების იმპორტი. ამ მედიკამენტების იმპორტის შესაძლებლობა არის თურქეთიდან და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის GMP-ის სტანდარტის მქონე მედიკამენტები და ფასები იყოს ხელმისაწვდომი," - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები