უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ევროპის კონტინენტზე შეიქმნა ახალი რეალობა, რომელიც საჭიროებს უსაფრთხოების სტრატეგიას - სწორედ ამის შესახებ მსჯელობდნენ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ევროპარლამენტარები. რამდენიმე კანონმდებელმა ღიად განაცხადა, რომ ევროპული უსაფრთხოებისთვის საჭიროა საჭიროა მხარი დაუჭირონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას.
"ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება რადგან ახლა უსაფრთხოდ ვეღარავინ იქნება. პუტინი მოსახლეობის ხოცვით არღვევს ჟენევის კონვენციას. მან უნდა უზრუნველყოს ჰუმანიტარული კორიდორის შექმნა. პუტინი უნდა გასამართლდეს როგორც ომის კრიმინალი. პუტინის აგრესია ვერ გადაიჭრება ვერც უკრაინის დანებებით, ან ქვეყნისთვის რომელიმე ნაწილის დაკარგვით. ჩვენ უნდა ვუთხრათ პუტინს რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს თავისი მომავალი მათ შორის უკრაინასაც. ჩვენ უნდა გამოვხატოთ აბსოლუტური მხარდაჭერა ბალტიის ქვეყნების და ყველა იმ ქვეყნის რომელიც ემეზობლება რუსეთს და უკრაინას," - აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ესპანეთიდან ირატკსე გარსია პერესი.
ევროპარლამენტარი ანტონიო ლოპესი ამბობს, რომ დროა ევროპამ გაიღვიძოს:
"ავტორიტარულ რეჟიმებს სურთ ჩვენი თავისუფლების დარღვევა. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ჩვენ პუტინის მენიუში მთავარი კურსი ვართ. მხოლოდ ჩვენი უკრაინელი ძმებისა და დების მამაცური წინააღმდეგობით, მხოლოდ ჩვენი დახმარებით დემოკრატიისთვის და ევროპული იდეალებით საქართველოსა და მოლდოვაში ჩვენ წინ წავალთ. მადლობა მათ, რომ ჩვენ შვილებს მისცეს ოცნების შესაძლებლობა დემოკრატიულ მომავალზე. მოდით ვებრძოლოთ როგორც შიგნით, ისე ევროკავშირის გარეთ ჩვენი თავისუფლების მტრებს. მოდით გავათავისუფლოთ ჩვენი სახლი პოპულიზმისა და ექტრემიზმისგან. დროა ევროპამ გაიღვიძოს," - განაცხადა ანტონიო ლოპესმა.
ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან რასა იუკნევიჩიენე იმ საკითხებს თვლის, რომელიც მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია:
"მთავარი საკითხები ჩვენთვის არის: პირველი - სრული სამხედრო დახმარება უკრაინელებისთვის რომლებიც ახლა ევროპას იცავენ, მეორე - პუტინის რეჟიმისა და რუსეთის სრული შეკავება ტოტალურ ემბარგომდე, მესამე - სანქციები ბოლომდე, მანამდე სანამ ბოლო ოკუპანტი არ დატოვებს უკრაინის მიწას, მის მთელ ტერიტორიას. მეოთხე - სპეციალური პროცედურა უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის ახლა. მნიშვნელოვანია რომ უკრაინამ წევრობის აპლიკაციას სისხლის ფასად მოაწერა ხელი," - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრობს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.
"ევროპელი პარტნიორები აბსოლუტურად სხვა რაკურსით და სხვა კუთხით უყურებენ საქართველოს უკრაინის და მოლდოვის საკითხს განსაკუთრებით ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და შემიძლია ვთქვა, რომ არის ერთსულოვნება იმასთან დაკავშირებით, რომ პერსპექტივა ამ სამ ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს და აუცილებელია, რომ დღეს გაკეთდეს ასეთი გზავნილები," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.