27 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ომის დაწყებიდან დღემდე 20 000 ადამიანზე ცოტა მეტია შემოსული, როცა 2019-ში იყო შემოსული 40 000 - ვახტანგ გომელაური

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსი მოქალაქეების მასობრივ შემოდინებას შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბოლო 13 დღის განმავლობაში საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა გაცილებით ცოტაა, ვიდრე ეს პანდემიის დაწყებამდე, ანალოგიურ პერიოდში იყო.

"საზღვარი კონტროლდება, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ დონეზე. უსაფრთხოების სამსახურთან ერთად გვაქვს მაქსიმალურად აქცენტი გაკეთებული უსაფრთხოებაზე, მწვანე საზღვარზე, ასევე, გამშვებ პუნქტებზე. იყო ხშირი საუბარი, თითქოს და უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში, ეს არ არის მართალი. ომის დაწყებიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში, 20 000 ადამიანზე ცოტა მეტია შემოსული, როცა 2019-ში იყო შემოსული 40 000. აქედან ძალიან ბევრი თურქეთის მიმართულებიდან შემოდიან ჩრდილო კავკასიის მოსახლეობა, ესენი არიან ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, რომლებიც ჩარჩნენ და ვეღარ გადაფრინდნენ თავიანთ ქვეყნებში. არიან, უმეტეს შემთხვევაში, ქალები და ბავშვები, რომლებიც ანკარაში ავტობუსებს ქირაობენ, ოჯახებით მოდიან და პირდაპირ გადიან ლარსიდან.

დივერსანტების შემოპარვა ცოტა სხვა სპეციფიკაა და ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებ. უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ვმუშაობთ," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა პარლამენტში, სადაც ნდობის ჯგუფს შეხვდა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაიას შეფასებით,  შსს უწყება საქმიანობდა ეფექტიანად, ისეთი მიმართულებით, როგორიც არის სახელმწიფო საზღვრის ეფექტიანი მართვა. მისივე შეფასებით, ეფექტიანად ხდებოდა ორგანიზებული დანაშაულებთან ბრძოლა, ამასთან, საქართველოზე გამავალი სტრატეგიული მილსადენების დაცვა.

ბერაიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დგამდა ქმედით ნაბიჯებს საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების გასატარებლად.

დღის ამბები