NATO აღმოსავლეთ ფლანგზე კიდევ უფრო გაძლიერდება. ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის, კანადის, ლატვიისა და ესპანეთის ლიდერების ერთობლივ კონფერენციაზე გახდა ცნობილი.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები გმობენ რუსეთის ქმედებებს და აცხადებენ, რომ ყველაფერს იზამენ NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვისთვის. ცნობილია, რომ პარტნიორობა გაღრმავდება კანადასა და ბალტიის ქვეყნებს შორის, სადაც დამატებითი ძალების განლაგება იგეგმება.
"უკრაინაში პუტინის ომმა ევროპაში მშვიდობა დაარღვია. მან შეარყია საერთაშორისო წესრიგი და აგრძელებს უკრაინელი ხალხისთვის დამანგრეველი ზარალის მიყენებას. ნატო თავდაცვითი ალიანსია, ჩვენ არ ვცდილობთ რუსეთთან კონფლიქტს. ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების დაცვაა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კონფლიქტი არ გავრცელდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ. ჩვენ აქ ვართ, რათა შევაჩეროთ ყოველგვარი თავდასხმა ნატოს ნებისმიერ მოკავშირე ქვეყანაზე. სანამ ერთად ვდგავართ, ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა და ნატო, ჩვენ ყველა უსაფრთხოდ ვართ, რადგან ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერი ალიანსი ისტორიაში და ეს ერთიანობა არის იმაზე ძლიერი, ვიდრე პრეზიდენტი პუტინი წარმოიდგენს. მას უნდა ნაკლები ნატო და ის იღებს მეტ ნატოს," - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი ამბობს, რომ ნატო დღეს იმაზე ძლიერია, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია, მთავარი მიზანი კი მშვიდობაა. მან უკრაინელ მხარს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"მსურს გამოვხატო ჩემი ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი. ჩვენ უკრაინის მთავრობისა და ხალხის გვერდით ვართ, რათა მათ შეძლონ, გაუძლონ პუტინის გაუმართლებელ შეტევას მათზე. ეს აგრესიის აქტია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების მიმართ," - აცხადებს პედრო სანჩესი.