27 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ყოველდღე ჩვენ 600 მილიონ ევროს პუტინის ჯიბეში ვდებთ, ეს ასობით ტანკის საფასურია - ანდრიუს კუბილიუსი სანქციების გაძლიერებას მოითხოვს

გაეროს ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში 2 მილიონამდე ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო. სწორედ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე გაიმართა დებატები ევროპარლამენტში - როგორ უნდა დაეხმაროს ევროკავშირი ადამიანებს, ვინც საკუთარი სახლები დაკარგა.

"ჩვენ ახლა ევროპაში გვაქვს ომი. ევროპელები უკრაინიდან თავშესაფრისთვის გადადიან ევროპის სხვა ნაწილში. ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თითოეულ მათგანზე. ჩვენი ვალია შევაჩეროთ ომი. ვერანაირად ვერ ვისაუბრებთ უკრაინისადმი სოლიდარობაზე, თუ რუსეთს სრულ ემბარგოს არ დავუწესებთ ენერგორესურსებზე. ყოველდღე ჩვენ ექვსას მილიონ ევროს პუტინის ჯიბეში ვდებთ, ეს ასობით ტანკის საფასურია. ჩვენი სანქციები ძალაში უნდა იყოს იქამდე, სანამ უკანასკნელი რუსი სამხედროც არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიას. არამხოლოდ ხერსონიდან და ჩერნობილიდან, ასევე დონეცკიდან, ლუგანსკიდან და ყირიმიდან. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ თუ პუტინი კრიმინალურ ომს არ შეწყვეტს, განსაკუთრებული ზიანი სწორედ მას მიადგება. ახლა ყველა უკრაინელია, ასევე ევროპელი. დიდება უკრაინას !"- განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა დღეს ევროპარლამენტში გამოსვლისას.

ევროპარლამენტის წევრი  ვიტოლდ ვიშნიაკოვსკი კი ამბობს, რომ უკრაინა ევროპის უსაფრთხოებისთვისაც იბრძვის, ამიტომ ევროპის ვალია, რომ უკრაინას უფრო მეტი დახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინოს:

"უკრაინა თავისუფლებისთვის იბრძვის. ის იბრძვის ევროპის უსაფრთხოებისთვისაც. ამ თვალსაზრისით, ეს ჩვენი ომიცაა, რომ დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა უფრო პასუხისმგებელია პუტინის აგრესიული სამხედრო მდგომარეობით. ისინი უფრო პასუხისმგებელი არიან ამ ომზე და ჩვენ ველით მათგან მეტი წვლილის შეტანას. ბევრი ინსტრუმენტი და სანქციაა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად - იარაღი უკრაინისთვის და ჩვენი აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებისთვის. ზოგჯერ შეუძლებელია ამ ინსტრუმენტების დაუყოვნებლივ იმპლემენტაცია, თუმცა მნიშვნელოვანი საკითხი ახლა არის ჰუმანიტარული დახმარება. მისი მიწოდება უკრაინისთვის ძალიან რთულია. მილიონობით ლტოლვილია ჩვენს ქვეყნებში. მხოლოდ პოლონეთში 1.2 მილიონი ლტოლვილია. ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი გეგმა და ფული. არამხოლოდ ვიზიტები და ბიუროკრატია საზღვარზე, არამედ ფული სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს, განათლებას და დახმარების პროგრამებს ამ ადამიანებისთვის," - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

დღის ამბები