საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინაში საელჩო ომის პირობებში სამ ლოკაციაზე, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს - კიევი, ოდესა და ლვოვი. მისივე თქმით, ლვოვი ჰუმანიტარული კრიზისის პირასაა.
"დღეს გვაქვს სამი ძირითადი ლოკაცია. ეს არის კიევი, ოდესა და ლვოვი, სადაც არის ძირითადი ნაწილი თავმოყრილი ლტოლვილების. გუშინ საღამოს ჩამოვედი ლვოვში სწორედ ამ მიზნით. დღეს მქონდა შეხვედრები როგორც რეგიონის, ასევე, ქალაქის ხელმძღვანელობასთან.
მინდა გითხრათ, რომ ლვოვი ჰუმანიტარული კატასტროფის პირას არის მისული. აქ არის 200 000-ზე მეტი ლტოლვილი. დაკავებულია ყველა საცხოვრებელი ფართი. არის უამრავი მსურველი ჩამოსვლის და ასევე, ქვეყნიდან გასვლის.
ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ ფაქტობრივად. ჩვენ მთავრობის გადაწყვეტილებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით დანიშნული გვყავს ავტობუსი, რომელიც ყოველდღე გადის ლვოვიდან პოლონეთის მიმართულებით, სადაც კვეთავს საზღვარს მწვანე კორიდორით. შემდეგ პოლონეთის საზღვარზე ხვდება ჩვენი საელჩოს მიერ ორგანიზებული ავტობუსი, რომელშიც ხალხი გადადის და შემდეგ მიემგზავრება ვარშავაში. ასევე მსგავსი სქემა მოქმედებს ოდესიდან მოლდოვის მიმართულებით.
საქართველოს მოქალაქეები დარჩენილი არიან კიევსა და ხარკოვში, მაგრამ ორივეგან მატარებელი მოძრაობს, შესაბამისად, მათ მეტ-ნაკლებად აქვთ საშუალება დატოვონ ეს ქალაქები. ზუსტად ვერ გეტყვით არიან თუ არა მარიუპოლში ქართველები, ვინაიდან ქალაქთან კავშირი არ არსებობს," - განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.