ევროპას გაზის და ნავთობის დეფიციტის შესავსებად სერიოზული თანხების გამოყოფა მოუწევს, თუმცა ევროპარლამენტი დღეს უკრაინელ დევნილებზე ზრუნავდა. 500 მილიონი ევრო დაიხარჯება რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინიდან დაძრულ ლტოლვილთა ნაკადის საჭიროებებისთვის. ეს გადაწყვეტილება დღეს სტრასბურგში მიიღეს.
უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ კი შესაძლოა მალე 5 მილიონს მიაღწიოს.
ეს გაეროს პროგნოზებია. ლტოლვილებისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიარდის გარდა ევროპამ ასევე აამოქმედა დროებითი დაცვის მექანიზმი.
ამის პარალელურად, სტრასბურგში დღეს ასოცირებული ტრიოს განაცხადზე და სამი ქვეყნის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების ამბიციაზეც იყო საუბარი.
საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის განაცხადის განხილვის შემდეგ, დღეს ეს საკითხი უკვე ევროკომისიას გადაეცა და სწორედ ამ ევროსტრუქტურამ უნდა მოამზადოს სამი ასოცირებული ქვეყნის შესახებ ანგარიში. ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მეორე დღეა სტრასბურგში თავის ევროპელ კოლეგებს ხვდება ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.
ევროდეპუტატები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ტრიოს ევროპულ პერსპექტივას.
"ჩვენ გვყავს სამი პოტენციური ახალი წევრი. ვგულისხმობ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. სამივე ქვეყნის საზოგადოებისთვის კარგი გზავნილი გვაქვს - თქვენთვის კარი ღიაა. ძალიან ცხადია, რომ დრო მოვიდა. გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და მარტივი. მივესალმებით, რომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოსახლეობა უნდა გახდეს საერთო ევროპული სივრცის ნაწილი. ახლა უკრაინელები საკუთარი ბრძოლით იცავენ მთლიანად ევროპას," - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდჟეი ჰალიცკმა.