27 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
პუტინს სურს გააქროს უკრაინელი ერი, გაანადგუროს კულტურული იდენტობა - ვიოლა ფონ კრამონი

რამდენიმე წუთში ევროპარლამენტში დებატები იწყება. მთავარი თემაა, როგორ უნდა დაეხმაროს ევროკავშირი ადამიანებს, ვინც საკუთარი სახლები დაკარგა. ევროდეპუტატებმა უნდა მიიღონ დეკლარაცია, სადაც კიდევ ერთხელ დაუჭერენ მხარს უკრაინელ ხალხს. გაეროს ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში 2 მილიონამდე ადამიანი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა.

ევროპარლამენტარები რუსეთისთვის იმაზე მკაცრი სანქციების დაწესებას ელოდებიან, ვიდრე აქამდე იყო დაწესებული. 

"მოველი კიდევ ერთ მკაცრ სანქციების პაკეტს, იმაზე უფრო მკაცრს, ვიდრე აქამდე იყო დაწესებული. რუსული ბანკების "სვიფტის" სისტემიდან ჩახსნას, ასევე რუსულ გაზზე, ნახშირსა და ნავთობზე ემბარგოს. ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ეფექტურად მუშაობს სანქციები რუსული ეკონომიკის წინააღმდეგ. არანაირ მოლაპარაკებას არ აქვს აზრი თუ ომი არ შეწყდა,"- განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ანდჟეი ჰალიცკიმ.

ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი კი აცხადებს, რომ პუტინს სურს უკრაინა გააქროს, გააქროს უკრაინელი ერი და გაანადგუროს კულტურული იდენტობა. მისივე თქმით, სანქციებს შესაძლოა დაუყოვნებლივი შედეგი არ ჰქონდეს, თუმცა ის იმუშავებს:

"ბატონ პუტინს სურს, რომ უკრაინა გააქროს, გააქროს უკრაინელი ერი, გაანადგუროს კულტურული იდენტობა. პუტინი ძალისხმევას არ იშურებს, დაამტკიცოს, რომ ეს მისი რეალური განზრახვაა. ჩვენ ვცდილობთ ბალანსი ვიპოვოთ და მოვახდინეთ საკმაოდ მკაცრი სანქციების იმპლემენტაცია. ამას შედეგი შესაძლოა დაუყოვნებლივ არ ჰქონდეს, დრო დასჭირდეს, თუმცა იმუშავებს. მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო კუთხით მათ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. ჩვენ ვხედავთ დიდი რაოდენობით მსხვერპლს უკრაინის მხარეს, თუმცა ეს უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილებაა რომ დარჩნენ და დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი და თავისუფლება. ამავდროულად, უკრაინელები ჩვენს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და თავისუფლებასაც იცავენ,"- აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი. 

დღის ამბები