შეერთებული შტატები უკრაინას ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ მხარდაჭერას უცხადებს, მაგრამ ჯარების უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნას არ გეგმავს.
თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, დასავლეთი ყველა ნაბიჯს დგამს ვლადიმერ პუტინზე ზეწოლისთვის. ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, ფსაკმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლონეთიდან სამხედრო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემას ვაშინგტონი არ ეწინააღმდეგება და ამ საკითხზე მუშაობენ პოლონეთთან და კონსულტაციას გადიან NATO-ს დანარჩენ მოკავშირეებთან.
"ჩვენ არ ვაპირებთ შეერთებული შტატების ჯარების გაგზავნას უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. პრეზიდენტი ამას არ აპირებს. რასაც ის აკეთებს ისაა, რომ განაგრძობს ყველა ნაბიჯის გადადგმას უკრაინის უსაფრთხოების დახმარების უზრუნველსაყოფად - 1 მილიარდი დოლარის დახმარება უსაფრთხოებისთვის. ამ დახმარების დიდი ნაწილი მოკლე დროში ჩავიდა უკრაინაში.
ჩვენ ასევე უზრუნველვყავით ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება. ვფიქრობ, ნებისმიერი მსოფლიო ლიდერი გეტყვით, რომ პრეზიდენტის ხელმძღვანელობის და შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაწესებისთვის მსოფლიოს შემოკრების გარეშე რუსეთში ფინანსურ სისტემაზე ასეთი სახის ანგარიშვალდებულება და ზეწოლა არ იქნებოდა.
ასე, რომ ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეერთებული შტატების და NATO-ში ჩვენი პარტნიორების ინტერესშია, რათა ზეწოლა მოხდეს პრეზიდენტ პუტინზე და მხარი დავუჭიროთ უკრაინელებს.
ჩვენ კარგად გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ რთული პერიოდი იქნება. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ. მაგრამ რუსეთი გააგრძელებს ბრძოლას პუტინის ამბიცისთვის,"- აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი.