გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია და ევროკავშირი ამჟამად არ არიან მზად, უარი თქვან რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტზე. თუმცა, ყველამხრივ მხარს უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას.
მისივე თქმით, ყველა ნაბიჯი გათვლილია იმისთვის, რომ მძიმე დარტყმა მიაყენონ რუსეთს გრძელვადიან პერსპექტივაში. როგორც ოლაფ შოლცი ამბობს, ევროპამ მიზანმიმართულად არ შეზღუდა სანქციებით რუსეთიდან ენერგორესურსების შემოტანა, რადგან ჯერჯერობით არ არის სხვა გზა, უზრუნველყონ ევროპა ენერგიით, რომელიც გამოიყენება გათბობის, ტრანსპორტის, ელექტროენერგიისა და მრეწველობისთვის.
ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიის ფედერალური მთავრობა ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ საკუთარ პარტნიორებთან თვეების განმავლობაში მუშაობს რუსული ენერგიის ალტერნატივების განვითარებაზე, მაგრამ მისი თქმით, ეს ერთ დღეში არ ხდება.
"აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან შეგნებული გადაწყვეტილებაა, გავაგრძელოთ რუსეთთან ენერგომომარაგების სფეროში ბიზნესის წარმოება," – განაცხადა ოლაფ შოლცმა.