ამერიკის ადმინისტრაციის მიმართ მთავარი მოთხოვნა უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დახურვაა. შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ნატოში, კურტ ვოლკერმა გენერალ ფილიპ ბრიდლავთან ერთად რეკომენდაცია მოამზადა, რომელიც უკრაინის თავზე ცის ნაწილობრივ დახურვას ეხება, მხოლოდ ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე.
რეკომენდაციის ავტორები ამბობენ, რომ ცა უნდა დაიხუროს კიევისა და აღმოსავლეთ უკრაინის თავზე და დაწესდეს მკაფიო წესები.
"მე მესმის ხალხის წუხილი საჰაერო სივრცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ ეს შეიძლება რუსეთის საზღვართან ახლოს იყოს ან მოხდეს ამერიკულ და რუსულ თვითმფრინავებს შორის შეხება. თუმცა, ეს ჰუმანიტარული მიზნით გადაუდებელი საკითხია. ჩვენ უნდა დავხუროთ ცა სამოქალაქო პირების დასაცავად. ჩვენ შეგვიძლია ეს უფრო შეზღუდული პირობებით გავაკეთოთ. ცა კიევის და აღმოსავლეთ უკრაინის თავზე დაიხუროს. იყოს მკაფიო წესები, არავითარი თავდასხმა ხმელეთზე ამერიკული თვითმფრინავების მხრიდან, არანაირი თავდასხმა რუსულ ავიაციაზე, თუკი ჩვენ არ გვესვრიან ან თუ შემოვლენ საჰაერო სივრცეში და უკან გაყვანაზე არ დაგვემორჩილებიან," - განაცხადა "კურიერთან" დიპლომატმა კურტ ვოლკერმა.