27 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
რძის პროდუქტების ექსპორტი ახალი პოლიტიკური ბრალდებების მიზეზი ხდება - მინისტრის განმარტებით კი, კომპანიებმა, ბაზრების ათვისების მიზნით, რუსეთს 2 წლის წინ მიმართეს

რძის პროდუქტების რუსულ ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობა პარლამენტში მწვავე კამათის საგანი გახდა. ბიუროს სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა კოლეგებს უკრაინის რადას თავმჯდომარის, ამ საკითხთან დაკავშირებული მიმართვა დემონსტრაციულად მოასმენინა, რასაც პარლამენტის სპიკერის საპასუხო რეაქცია მოყვა. შალვა პაპუაშვილმა ოპონენტი უკრაინის კონფლიქტის პერსონალურ პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებაში დაადანაშაულა.

რძის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით განმარტებები დილიდან გააკეთეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების თქმით, 15-მა მწარმოებელმა კომპანიამ, გასაღების ბაზრების ათვისების მიზნით, რუსეთის შესაბამის ორგანოებს 2 წლის წინ - 2020 წელს მიმართა და არა უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წუხილს, რძის პროდუქტების გასაღების ახალ ბაზართან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არ იზიარებს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციებისა და უკრაინაში აგრესიის პირობებში, გარკვეულ ძალებს საქართველოში შიდა პოლიტიკური დაპირისპირება აწყობთ, რისთვისაც შესაძლოა ნებისმიერი მარტივი ხერხი გამოიყენონ.

დღის ბოლოს, რძის ექსპორტზე და მის პოლიტიკურ ქვეტექსტზე კომენტარები მმართველ გუნდშიც გაკეთდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები, 15 კომპანიის ინიციატივისთვის პოლიტიკური იარლიყის მიკერებას ყოფილი ხელისუფლების წევრების დამკვიდრებულ სტილს უწოდებენ.

"ქართულ ოცნებაში" ოპონენტებს უკრაინაში არსებული ვითარებით სპეკულირებასა და ადგილობრივი მთავრობის მიზანმიმართულ მოტყუებაში ადანაშაულებენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის საომარ მოქმედებაში ჩართვას ყველა შესაძლო გზით ცდილობს.

რძის პროდუქტების რუსეთში ექსპორტირებასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი უკრაინის საელჩოშიც გაკეთდა. უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე მადლიერია იმ განმარტებების გამო, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისა მინისტრმა გააკეთა.

დღის ამბები