გაეროს 38 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოთხოვნაა, რომ საერთაშორისო ტრიბუნალმა უკრაინაში ომის დანაშული და რუსეთის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული გამოიძიოს. დღეს მოპასუხე პროცესს არ დაესწრო. 5 საათიან სხდომაზე ეჭვმიტანილის გარეშე მსჯელობდნენ იმ ფაქტებზე, რომელიც უკრაინამ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს წარუდგინა.
საქმე - "უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ", დღეს პირველი მოსმენით განიხილეს. დაზარალებულმა ქვეყანამ მართლმსაჯულების უმაღლეს ორგანოს, რუსეთის მიმართ შესაბამისი ზომების მიღება და საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეჩერების მოთხოვნით მიმართა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე გენოციდს ახდენს - ეს განცხადება ვოლიდიმირ ზელენსკის წარმომადგენელმა სასამართლო დარბაზში გააკეთა.
ანტონ კორინევიჩმა, საომარი მოქმედებებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მომხსენებლის თქმით, უკვე მე-12 დღეა რუსეთის აგრესიას მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან, იბომბება შენობები და დასახლებული პუნქტები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი ვერ ხერხდება მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება.
"შორს ხელები უკრაინისგან და ჩვენ შორის დავა ცივილიზებული ერების მსგავსად გადავჭრათ" - კორინევიჩმა 15 წუთიანი გამოსვლა ამ მიმართვით დაასრულა.
მთავარი მოთხოვნა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეჩერება იყო.
გენოციდი ერთადერთი ბრალდება არ არის, რომელშიც რუსეთი შესაძლოა დამნაშავედ სცნონ. ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მოკვლევა უკვე დაიწყო უკრაინაში ომის დაწყების და კაცობრიობის წინააღდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე.
საერთაშორისო სასამართლოს რომ უკრაინა-რუსეთის წინააღმდეგ საქმე განეხილა, 38-მა ქვეყანამ მიმართა, მათ შორისაა საქართველოც. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ 2008 წლის რუსულ აგრესიაზე ევროსასამართლოში გამარჯვების შემდეგ, წარმატებას საქართველო ჰააგაშიც მიაღწევს.
საქართველოს როლი "უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ" საქმის განხილვის დაწყებაში რომ მნიშვნელოვანია, ამაზე ოპოზიციაც თანხმდება.