27 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი ინიცირებულია - როგორ აფასებს პოლიტიკური სპექტრი 13 პუნქტიან დოკუმენტს

ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი უკვე ინიცირებულია, ის განსახილველად წამყვან კომიტეტს გადაეცა. 13 პუნქტიან დოკუმენტზე მუშაობა მმართველმა პარტიამ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ქვეყანას მთავარი განაცხადი გაწევრიანებაზე ოფიციალურად გაკეთებული არ ჰქონდა. ავტორები იმედოვნებენ, რომ პროექტი, რომელიც პირველ რიგში მოქალაქეთა ევროპულ არჩევანს ეყრდნობა, პარტიების ერთობლივ მხარდაჭერასაც მოიპოვებს.

რეზოლუციას რომ მრავალპარტიული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, ამას პოლიტიკურ ძალებშიც ადასტურებენ, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ დოკუმენტის შინაარსთან დაკავშირებით  შენიშვნები აქვთ. ოპოზიცია ტექსტში მეტ მკაფიო ჩანაწერს ითხოვს. საუბარია კონკრეტულ პუნქტზე, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, გააძლიეროს ძალისხმევა ევროინტეგრაციის პროცესში. ცვლილებების შეტანას ამ ნაწილში არც რეზოლუციის ინიციატორები გამორიცხავენ.

კოლეგებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს "გირჩს", სადაც აცხადებენ, რომ საქართველოს რეზოლუციაში ჩანაწერი უნდა ეხებოდეს უკრაინასაც. მიაჩნიათ, რომ რეალური პერსპექტივა სწორედ ამ მოვლენების გამო გაჩნდა. ამ მოსაზრებას ისინი საკომიტეტო განხილვისას წარადგენენ, სადაც ყველა პოლიტიკური პარტია აპირებს მონაწილეობას.

მმართველი გუნდი ოპოზიციას ურჩევს, კარგად გაიაზრონ საკუთარი შენიშვნები და იფიქრონ ერთობლივ ინტერესზე. "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, ოპონენტების რიტორიკა პროცესს ხელს უშლის, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ რეზოლუციიდან ან თუნდაც კანდიდატობიდან წევრობამდე სამუშაო ბევრია.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ განაცხადის გაკეთების პარალელურად რეზოლუციის პროექტი ნიშნავს დამატებითი ბერკეტს, რომლითაც ქვეყანა ევროპულ ოჯახში გაერთიანების სურვილსა და სწორ მიმართულებას გამოხატავს.

რეზოლუციის პროექტის განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება. დოკუმენტის მიხედვით საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და ქვეყნებს, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს გაწევრიანების დაჩქარებისთვის.

დღის ამბები