უცვლელ ვითარებაში და უცვლელი პირობებით - ომში ჩართული მხარეების მოლაპარაკებები ისევ ერთი მაგიდის გარშემო მესამედ მიმდინარეობს. ევროპული ომის ბედზე მოსალაპარაკებლად ბელარუს-უკრაინის საზღვართან უფრო ადრე ჩავიდნენ რუსული მხარის წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინელებს კვლავ დიალოგის გაჭიანურებაში ადანაშაულებდნენ.
მოლაპარაკებების ადგილზე კრემლიდან დელეგაცია უცვლელი შემადგენლობით გაემგზავრა. მას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე და კულტურის ყოფილი მინისტრი ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობენ.
უკრაინის მთავარი მომლაპარაკებლები დანიშნულების ადგილზე კვლავ სამხედრო ვერტმფრენებით ჩაფრინდნენ. შეხვდრის დაწყებამდე პარტია "ხალხის მსახურის" ლიდერი აცხადებდა, რომ ერთადერთი, რაზეც რუსეთთან ვერ შეთანხმდებოდნენ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა იყო, რომ პუტინს არ დაუთმობდნენ არც ყირიმს და არც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებს.
უკრაინულ ნარატივში სიახლეც გაჩნდა, არახამია იმასაც არ გამორიცხავს, რომ ნატოს გარდა უკრაინამ უსაფრთხოების სხვა მოდელებიც განიხილოს და დიალოგი ამ საკითხზე მეზობელ სახელმწიფოებთან დაიწყოს. არის თუ არა ეს უკრაინის ნეიტრალიტეტზე მინიშნება - ეს ახლა რთული სათქმელია.
მოლაპარაკების საკვანძო თემა უკრაინისთვის ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტა და რუსული ჯარის ტერიტორიიდან გაყვანაა.
უკრაინული მხარისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მწვანე კორიდორების მოწყობის საკითხი. სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მიღწეული შეთანხმება ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით რუსეთმა ბოლოო დღეების განმავლობაში არაერთხელ დაარღვია. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მშვიდობიან მოქალქეებს ცეცხლს სწორედ მაშინ უხსნიდნენ, როცა ისინი ქალაქების დატოვებას ცდილობდნენ. მწვანე კორიდორი დღესაც ჩაიშალა.
რუსულმა მხარემ უკრაინის მოქალქეებს ქვეყნიდან მშვიდობიანად გასვლა ბელარუსის ან რუსეთის მიმართულებით შესთავაზა. უკრაინის ხელისუფლებამ ამ შეთავაზებაზე უარი თქვა და რუსული ცინიზმი ამორალურ ქმედებად შეაფასა.
უკრაინის მეექვსე პრეზიდენტი საჰაერო სივრცის დაკეტვას და ციდან დაცვას კვლავ მოითხოვს. დასავლეთს მოუწოდებს ოკუპანტ ფედერაციას დამატებითი სანქციები დაუწესოს. ზელენსკიმ გააფრთხილა ყველა, რომ მისი ხალხი უკრაინის მიწაზე ბრძოლას არ შეწყვეტს.
ევროპული ომის ბედი, შესაძლოა თურქეთში გადაწყდეს. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე დღეში სამმხრივი სამიტის ფორმატში დაპირისპირებული ქვეყნების პირველი დიპლომატები ანტალიაში უნდა ჩავიდნენ.
დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი ადასტურებენ, რომ სამიტს დაესწრებიან. თუმცა შედგება თუ არა ორი დიპლომატის პირისპირ შეხვედრა, ჯერ დაზუსტებული არ არის.