27 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
"ომია ზოგიერთ ქვეყანაში, ვწუხვართ, ვლოცულობთ, ვცდილობთ არ მივიღოთ მონაწილეობა სიტუაციის გამწვავებაში, ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შეწყდეს სისხლისღვრა" - პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს საკვირაო ქადაგებისას უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა: 

"სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი

ყველაფერი იცვლება ამ ქვეყანაზე - ზოგი უკეთესობისაკენ, ზოგი უარესობისაკენ და ჩვენ ვუყურებთ ამას და გვიკვირს, როდის დამთავრდება ეს ცვლილებები. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება მაშინ, როცა მეორედ მოსვლა იქნება უფლისა და რომ ყველაფერი დამოკიდებულია ღვთის ნებაზე, ღვთის განგებაზე.

დიდება შენდა, უფალო და მადლობა შენდა!

განგება ღვთისა განუზომელია, განგება ღვთისა მიუწვდომელია.

აი ომია ზოგიერთ ქვეყანაში, ჩვენ ვწუხვართ, რომ ეს ომი არის. ჩვენ ვლოცულობთ, ვცდილობთ არ მივიღოთ მონაწილეობა სიტუაციის გამწვავებაში. ჩვენმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ტანსაცმელი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ეს ცოტა არის, ჩვენ კიდევ ვეცდებით. ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეწყდეს სისხლისღვრა, შეწყდეს ომი და ხალხმა მოიპოვოს მშვიდობიანი ცხოვრება;  

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობამ დაისადგუროს.

"დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. ასე რომ, ვადიდოთ ღმერთი, ვთხოვოთ უფალს მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამისთვის კი საჭიროა ჩვენი რწმენა, ჩვენი ლოცვა, საჭიროა სათნოება ადამიანთა მიმართ.

დღევანდელ დღეს ეწოდება შენდობის კვირიაკე. ჩვენ ამ დღეს განსაკუთრებით ვპატიობთ ერთმანეთს ცოდვებს, შეცოდებებს, დანაშაულს... ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ცოდვა არ დარჩეს შეუნდობელი.

დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის! დიდება უფალს მისი მოთმინებისათვის!

ყოველ დღეს ჩვენ რამდენიმეჯერ ვლოცულობთ ,,მამაო ჩვენო“-ს. და შევთხოვთ უფალს: ,,მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“ - ეს ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ლოცვა უფალმა გვასწავლა და ნიშნავს: ,,თანანადებნი ჩვენნი“ - ეს არის ვალი ჩვენი - დანაშაული ჩვენი და მოგვიტევე ჩვენ ვალი  (ანუ დანაშაული) ჩვენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ მოვალეთა ჩვენთა (ანუ ჩვენდამი შემცოდეთ).

შეუძლებელია, ადამიანი ცხონდეს, იცოცხლოს დედამიწაზე და არ სცოდოს. ცოდვას სჩადის ადამიანი და ეს გარდაუვალია მის ცხოვრებაში.

რა უნდა ვაკეთოთ იმისათვის, რომ უფალმა შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენნი?

უპირველეს ყოვლისა საჭიროა რწმენა, საჭიროა სათნოება, საჭიროა განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ეს აუცილებელია.

ჩვენ ვცდილობთ, სიკეთე ვაკეთოთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სიკეთე გავუკეთოთ სხვა ადამიანს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ჩვენ ვაკეთებთ სიკეთეს და გვპასუხობენ ცუდი საქმეებით, ბოროტებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამაგიერო უნდა გადავუხადოთ. სამაგიეროს გადახდა აძლიერებს ბოროტებას, ბოროტება ორმაგდება.

დღევანდელი დღე უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ შენდობა მივიღოთ მოყვასისაგან. უპირველეს ყოვლისა მე მინდა გთხოვოთ შენდობა.

მოგმართავთ ყველას: შემინდეთ, მაპატიეთ შეცოდებანი ჩემნი.

ღმერთმა შეგინდოთ თქვენც და სრულიად საქართველოს შეცოდებანი თქვენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი. შენდობილი იყავით. ღმერთმა მოიღოს მადლი, მადლი ღვთისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანებათა აღმავსებელი, ამინ!" - აღნიშნა პატრიარქმა დღვანდელ ქადაგებაში.

დღის ამბები