27 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
1 500 000-ზე მეტი დევნილი - მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ლტოლვილთა ასეთი კრიზისი მსოფლიოს არ ახსოვს

უკრაინაში მიმდინარე ომმა ოჯახები ერთმანეთს იძულებით გაურკვეველი დროით დააშორა. ცოლები ქმრებს ქვეყნის საზღვართან ემშვიდობებიან, რამდენი ხნით მოუწევთ განშორება არავინ იცის. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ლტოლვილთა ასეთი კრიზისი მსოფლიოს არ ახსოვს. უკრაინიდან ყოველდღიურად 1000-ობით ადამიანი მიდის. ომის დაწყებიდან უკვე 11 დღე გავიდა, ამ პერიოდის განმავლობაში ისევ არ წყდება რიგები საზღვრებთან და მატარებლის სადგურებთან. მხოლოდ რუმინეთის საზღვარი 64 ათასამდე მშვიდობიანმა მოქალაქემ გადალახა.

რუსეთის მხრიდან გამოწვეულ ძალადობას უკრაინიდან ყველაზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი პოლონეთში გაურბის.

პოლონეთში ჩასული ლტოლვილები სხვადასხვა ქვეყნებშიც გადადიან. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბერლინში რამდენიმე ათასი იძულებით გადაადგილებული პირი მატარებლით ჩავიდა. გერმანიამ გადაწყვეტილება მიიღო გახსნას თავშესაფრების ქალაქი, რომელიც 2015-16 წლებში მიგრანტთა დიდი კრიზისის დროს აშენდა, როდესაც მილიონზე მეტი ადამიანი ომის შედეგად განადგურებული სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან გერმანიაში ჩავიდა.

ზაპაროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საფრთხემ უკრაინიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლას კიდევ უფრო შეუწყო ხელი. იძულებით გადაადგილებულთა რიგები არ წყდება უნგრეთის, მოლდოვის და სლოვაკეთის საზღვრებთან. უკრაინელ ლტოლვილებს ასობით მოხალისე თავშესაფარს სთავაზობს. 

გაეროს ინფორმაციით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინა იძულებით 1 500 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვება.

ამ დროისთვის, პოლონეთმა 756 000-ზე მეტი ლტოლვილი მიიღო, უნგრეთმა 157 000 ადამიანი. მოლდოვამ - 120 ათასი, სლოვაკეთმა - 102 ათასი , რუმინეთმა - 46 ათასამდე პირი მიიღო. ჰუმანიტარული დახმარება მილიონობით ადამიანს დასჭირდება, უახლოეს თვეებში უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში 4 მილიონი ადამიანის გასვლას ელოდებიან.


დღის ამბები