27 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
მივესალმები შეიარაღებული ძალების, მოქალაქეებისა და გმირი პრეზიდენტის ზელენსკის სიმამაცეს - საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

რუმინეთში NATO-ს ბაზაზე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი რუმინეთის პრეზიდენტს და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს შეხვდა. ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საზღვრების გაძლიერებაზე.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ფლორენს პარლის თქმით, დღეს უკრაინა მსოფლიოსთვის იბრძვის და ევროპა მას მხარს უჭერს. მისივე განმარტებით, რუმინეთი, საფრანგეთი და ბევრი სხვა ქვეყანა უკრაინას თავდაცვით შეიარაღებას უგზავნის.

"ევროპაში ომი დაბრუნდა. რამდენიმე კვირის წინ ეს ბევრი ჩვენგანისთვის წარმოუდგენელი იყო, დღეს კი უკრაინის რეალობაა და ეს ევროპის საზღვრებთან ხდება. ამ ომში პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ ადამიანს ეკისრება და ეს ვლადიმერ პუტინია, რომელმაც უგულებელყო ყველა საერთაშორისო ჩართულობა და არჩევანი ომზე გააკეთა. უკრაინელ ხალხს ევროპაში მხოლოდ მშვიდობა სურს. მივესალმები უკრაინული შეიარაღებული ძალების, მოქალაქეების, სამედიცინო პერსონალისა და მათი გმირი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სიმამაცესა და წინააღმდეგობას. მსურს ხაზი გავუსვა რუმინელების სტუმართმოყვარეობასა და პასუხს უკრაინელი ლტოლვილების მიმართ. დღეს უკრაინა მსოფლიოსთვის იბრძვის და ევროპა მას მხარს უჭერს. რუმინეთი, საფრანგეთი და ბევრი სხვა ქვეყანა თავდაცვით შეიარაღებას უგზავნის უკრაინას. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ამაყები ჩვენი ერთობლივი პასუხით," - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორენს პარლმა.

ცნობისთვის, უკრაინა მილიონ 300 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ინფორმაციით, უმეტესობა პოლონეთის მიმართულებით ეძებს თავშესაფარს. ამ დროისთვის პოლონეთმა 756 ათასზე მეტი ლტოლვილი მიიღო. შემდეგ მოდის უნგრეთი - 157 ათასი ადამიანი. ვარაუდობენ, რომ უკრაინა შეიძლება კიდევ დაახლოებით 4-მა მილიონმა მოქალაქემ დატოვოს.

გაეროს შეფასებით, ეს არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ლტოლვილთა კრიზისი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

დღის ამბები