ოკუპანტებმა ვინიცა დაბომბეს, მთლიანად განადგურებულია აეროპორტი ქალაქთან ახლოს, ავიაიერიშების სამიზნე გახდა ვინიცასთან მდებარე სამხედრო ობიექტებიც. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დააზიანეს დონეცკი-მარიუპოლის გაზსადენი.
ზელენსკი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ იგეგმება ოდესის დაბომბვაც, სადაც აქამდე შედარებით მშვიდი ვითარება იყო. საპასუხოდ უკრაინულმა არმიამ გაანადგურა თვითმფრინავი შავი ზღვის ტერიტორიაზე.
მოსახლეობა უკიდურესად მძიმე ვითარებაშია იმ ქალაქებში, რომლებიც მუდმივად იბომბება, იყო შეთანხმება მწვანე დერეფანზე, თუმცა საოკუპაციო ძალამ მოლაპარაკება ჩაშალა და იერიშები განაახლა.
"მძიმე ვითარებაა მარიუპოლში. დღეს დაიგეგმა მწვანე დერეფანი, რომელიც კიდევ ერთხელ დაარღვიეს რუსეთის ფედერაციის ჯარებმა. გახსნეს ცეცხლი იმ ადგილების მიმართულებით, საიდანაც ხალხი უნდა გამოსულიყო.
სამართალდამცავებს მოვუწოდებ მივიდნენ იმ ადგილებთან, სადაც ადამიანები თავს აფარებენ, რათა ისინი გარეთ არ გამოვიდნენ. ქუჩაში გადაადგილება უსაფრთხო არ არის. დღეს ჩვენ კონტრშეტევაზე გადავედით.
მინდა მივმართო უკრაინელებს, გავერთიანდეთ, მოვამზადოთ მოლოტოვის კოქტეილები, დავწვათ ეს ბოროტი სულები და განვდევნოთ ისინი ჩვენი მიწიდან," - აცხადებს მარიუპოლის ერთ-ერთი სამხედრო პირი.