ირაკლი კობახიძის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს კანონპროექტის გამკაცრებას, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციასა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ, კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა.
კანონის გამკაცრებას ეთნიკური დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით, ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს. მმართველი გუნდის ოპონენტები თვლიან, რომ "ქართულ ოცნებაში" რისკებს ადექვატურად ვერ აფასებენ და კანონი ამ შემთხვევაში საფრთხის თავიდან ასარიდებლად არასწორი მექანიზმია.
ოპოზიცია სუს-ის უფროსის მოსმენას და სავიზო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვს.
დეტალებზე ჯერჯერობით, არ საუბრობენ უმრავლესობაში. "ქართული ოცნების" წევრები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო შექმნილმა ემოციურმა მუხტმა შესაძლოა ეთნიკური ნიშნით ჩადენილი დანაშაულებების ზრდა გამოიწვიოს, კანონმდებლობა კი ამისგან დაზღვევის კარგი მექანიზმია.