დასავლელი ლიდერების თქმით, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები, ქვეყნის ეკონომიკაზე უკვე აისახა. დასავლეთში საუბრობენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხოებაზეც.
უკრაინიდან ლტოლვილების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. წითელი ჯვარი უკრაინაში სრულფასოვნად მუშაობას ვერ ახერხებს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი პუტინს მოუწოდებს, დაუშვას უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ვიზიტით პოლონეთის დედაქალაქში ჩავიდა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ფულად დახმარებას გამოუყოფს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინიდან ჩასულ ლტოლვილებს იღებენ. ამერიკელი დიპლომატი ვარშავის შემდეგ მოლდოვაში გადაინაცვლებს.
"იმ იდეალებს, რომლებიც გვაერთიანებს: თავისუფლებას, დემოკრატიას, მშვიდობასა და რეგიონის უსაფრთხოებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრება. ჩვენ ერთად ვიდგებით უკრაინის მხარდასაჭერად, რუსეთის არაპროვოცირებული, დაუსაბუთებელი და წინასწარ განზრახული შეჭრის საპასუხოდ. რუსეთის ძალადობის შედეგად საკუთარი ქვეყნიდან მხოლოდ პოლონეთში იძულებით 700 000-ზე მეტი ადამიანი გაიქცა. მე შესაძლებლობა მომეცა დღეს ზოგიერთ მათგანს გავსაუბრებოდი. ის, რომ დაუცველმა ადამიანებმა იციან, რომ აქ თავშესაფარს იპოვიან, ნათლად აჩვენებს პოლონეთის ღირებულებებს. პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში უკრაინელების დასახმარებლად ბაიდენის ადმინისტრაცია 2,75 მილიარდი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს," - აცხადებს ენტონი ბლინკენი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ საცხოვრებელი ტერიტორიების, ატომური ელექტროსადგურებისა და მოსახლეობის ავტომობილების დაბომბვა საერთაშორისო სამართლის თანახმად ომის დანაშაულებია. ის მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებისგან. გარდა ამისა, მისი თქმით, პოლონეთმა გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ გაზარდოს თავდაცვის ხარჯები - მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ის ოდენობით.
"პოლონეთი არასოდეს აღიარებს იმ ტერიტორიულ ცვლილებებს, რომელიც ამ აგრესიით იქნება გამოწვეული. რუსეთის მტრული ქმედებები მიზნად უკრაინის წინააღმდეგობის გატეხვას ისახავს. მოვუწოდებ რუსეთს, თავი შეიკავოს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებისგან. ისინი მოსახლეობას ატერორებენ. საცხოვრებელი ტერიტორიების, ატომური ელექტროსადგურებისა და მოსახლეობის ავტომობილების დაბომბვა საერთაშორისო სამართლის თანახმად ომის დანაშაულებია, და ჩვენ მტკიცედ ვიდგებით, რათა ამის გამო რუსეთის სისხლის სამართლებრივი დევნა მოხდეს. ომის დანაშაულში პასუხისმგებელი პირების გამოვლენის კუთხით განვიხილავთ ვაშინგტონთან თანამშრომლობას. პოლონეთმა უკვე მიიღო უკრაინიდან 700 000-მდე ლტოლვილი და ასეც გავაგრძელებთ. გარდა ამისა, პოლონეთმა გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ გაზარდოს თავდაცვის ხარჯები - მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ის ოდენობით, რაც მომავალი წლიდან შევა ძალაში," - აცხადებს ზბიგნევ რაუ.