ბოლშევიკური ცენზურა 21-ე საუკუნეში - ისტორია მეორდება, 30 წლის შემდეგ რუსულ არხზე გედების ტბა გადის. ტელეკომპანია "დოჟდი" მაყურებელს ჩაიკოვსკის ბალეტით დაემშვიდობა.
არხმა გედების ტბა სიმბოლურად შეარჩია, ვინაიდან სწორედ ამ წარმოდგენით შეეცადა რუსების განტვირთვას სახელმწიფო ტელევიზია 1991 წლის პუტჩის დროს, როცა მოსკოვის ცენტრში ტანკები გამოჩნდა და ხალხს უთხრეს, რომ გორბაჩოვს აღარ აქვს უნარი რესპუბლიკა მართოს. 30 წლის შემდეგ გედების ტბა პუტინის რუსეთში ბოლშევიკური ცენზურის მიმართ წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა.
ტელეკომპანიის დახურვამდე რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ "დოჟდის" საინფორმაციო რესურსებზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელმა უსაფრთხოების მიზნით რუსეთი დატოვა. კრემლი იმავე შეზღუდვებს აწესებს რადიოსადგურ "ეხო მასკვის" მიმართაც.
საკუთარი მოსახლეობისთვის რეალური ინფორმაციის დამალვის მიზნით პუტინმა აკრძალა უცხოური მედიასაშუალებები და სოციალური ქსელები.
ბოლშევიკური ცენზურა ოფიციალურად დააკონონა რუსეთის დუმამ. სამხედრო არმიაზე კრემლისთვის მიუღებელი ინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულად ცხადდება. კანონი ძალაში ხვალიდან შედის.
მაშინ, როცა მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებს რუსეთის სამხედრო ძალების მიერ სუვერენულ ქვეყანაში შეჭრას და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმებს, პროპაგანდისტული მედია ცდილობს აგრესორად უკრაინა წარმოაჩინოს. რუსეთის სახელმწიფო არხები სისხლისმღვრელ ომს, მხოლოდ სპეცოპერაციად მოიხსენიებენ.
საინფორმაციო ფრონტზე საპასუხო ზომებს იღებს დასავლეთიც. ევროპამ რუსეთის პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობა აკრძალა. სანქციები დაუწესდათ კრემლის მიერ მართული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, მათ შორისაა ცნობილი ტელეწამყვანი ოლგა სკაბეევა. ამ ფონზე პუტინი ცდილობს საკუთარ მოქალაქეებს სიმართლე დაუმალოს, თუმცა რეალობა ერთია და მას უკვე საკუთარ ჯიბეზე გრძნობენ რიგითი ადამიანებიც.
მოსკოვის ბანკებიდან ხალხი ფულის გამოსატანად გრძელ რიგებში დგას, ფასები ძვირდება, რუბლი რეკორდულად უფასურდება. ვლადიმერ პუტინი კი საბჭოთა სტილში ცდილობს საკუთარი ქვეყანას რკინის ფარდა ჩამოაფაროს.