27 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
საქართველოს ისტორიული დოკუმენტი ბრიუსელშია - პრემიერის ხელმოწერილი განაცხადი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს გადაეცა

საქართველოს მთავარი გზავნილი უკვე ევროპაშია. ოფიციალური თბილისის განაცხადი ბრიუსელში საქართველოს ელჩმა წარადგინა. დოკუმენტი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს ჩაბარდა. ევროკავშირის საბჭოს ეთხოვა, დაიწყოს შესაბამისი პროცედურები, საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

განაცხადი ევროკავშირის საბჭოდან ევროკომისიაში გადაინაცვლებს, სადაც მომზადდება დასკვნა თუ რამდენად არის მზად ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. საბოლოოდ კი პოლიტიკური გადაწყვეტილება საბჭოში 27 სახელმწიფოს პოზიციის საფუძველზე მიიღება.

"კურიერთან" ინტერვიუში ევროდეპუტატები ამბობენ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს, თუმცა როდის და როგორ - ამას ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ.

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მიესალმებიან - ამას უკვე ჩეხი ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა ამბობს. მედიაში გავრცელებული მისი განცხადებით, საქართველომ მკაფიო გზავნილი გააკეთა. ამბობს იმასაც, რომ გაწევრიანებისთვის მოკლე გზა არ არსებობს და ის რეფორმებზე მუშაობის გაგრძელებას ნიშნავს.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს, ისევე როგორც ასოცირების შეთანხმებას ხელი პრემიერ-მინისტრმა გუშინ მოაწერა. თქვა, რომ გადაწყვეტილება ისტორიულია და რომ ევროინტეგრაციის ახალ ეტაპს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ქვეყნის ერთიანობა.

დღის ამბები