უკრაინის ქალაქები დღესაც მთელი დღის განმავლობაში იბომბება. საღამოს რაკეტების ნამსხვრევები ჩამოვარდა ზელენსკის საზაფხულო რეზიდენციასთანაც, რომელიც კიევის სამხრეთით მდებარეობს.
მთავარი სამიზნე ისევ დედაქალაქი და მეორე დიდი ქალაქი, ხარკოვია. მარტო ჩერნოგოვის დაბომბვის შედეგად, წუხელ 47 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. საერთო ჯამში კი გაეროს მონაცემებით, 9 დღის განმავლობაში რუსულ იერიშს 331 მშვიდობიანი უკრაინელი შეეწირა.
უკრაინაში ძლიერი აფეთქებების სერია გრძელდება. ერი უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე სამხედრო დარტყმებს იღებს. რუსულ საოკუპაციო ძალებს იერიშები ქალაქებსა და სოფლებზე, საცხოვრებელ და სტრატეგიულ ობიექტებზე მიაქვთ. იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა. ნადგურდება ქვეყნის ათეულობით ქალაქი.
ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა დედაქალაქი. კიევში რუსული ძალები ქალაქის ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით რჩებიან. აგრესორები ბომბავენ საცხოვრებელ უბნებს. თავს დაესხნენ კიევის ოლქის ქალაქ ჰოსტომელს. რამდენჯერმე დაიბომბა ქალაქის აეროპორტიც. უტევენ ბუჩასაც.
რუსები უწყვეტად ბომბავენ ხარკოვს, ყველა მნიშვნელოვან სამიზნესთან ერთად, გრძელდება თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზეც, რამდენიმე დღეა ოლქი სრულად ბლოკირებულია. შესასვლელ-გასასვლელებს ოკუპანტები აკონტროლებენ. რუსული ძალები ამ დროისთვის ქალაქის გარე ნაწილში გადაადგილდებიან.
ალყაში მოქცეულია უკრაინის სამხრეთ ნაწილი. რუსული მხარე მესამე დღეა ირწმუნება, რომ ქალაქი ხერსონი აღებულია, თუმცა ფაქტი ოფიციალურად არ დასტურდება.
უმძიმესია მდგომარეობაა ნიკოლაევში. ვრცელდება ინფორმაცია ოკუპანტების სამშვიდობო მოსახლეობაზე თავდასხმის შესახებ. რუსი სამხედროები სკოლაში შეიჭრნენ და დირექტორი ადგილზე ჩაცხრილეს. არიან სხვა დაშავებულებიც.
რუსული ძალები უკრაინის სამხრეთით კიდევ ერთ ქალაქს უტევენ. ოკუპანტების არმია მიუახლოვდა და ბომბავს მარიუპოლს. შეტაკებები გრძელდება დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.
შეტაკებები გრძელდება მელიტოპოლშიც. მძიმე მდგომარეობაა სივერსკის რეგიონშიც, სადაც უკრაინის მექანიზებული და სატანკო ნაწილები სტაბილურად ჩერნიგოვის გარშემო ოკუპირებული საზღვრების დაცვას ცდილობენ. სლობოჟანშჩინაში ქვედანაყოფები თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებენ.
ამ დრომდე ღია ცეცხლის ქვეშ რჩება ჩერნიგოვიც. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მხოლოდ გუშინდელ დღეს ქალაქში რუსულმა ბომბებმა 47 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მძიმე მდგომარეობის პირობებში უკრაინის სამეთაურო-საკონტროლო კვანძები ფუნქციონირებას მაინც განაგრძობენ. უკრაინა თავის ტერიტორიებს მაქსიმალური რესურსით იცავს.