დაბომბილი სახლები, სამშობიარო კლინიკები, სკოლები და საბავშვო ბაღები - "კურიერის" ჯგუფი მუშაობს ქალაქ ჟიტომირში, რომელიც ფაქტობრივად მიწასთან არის გასწორებული. უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე უძველეს ქალაქში საჰაერო იერიშების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ, არიან დაშავებულები.
სკოლა, რომელიც ქალაქ ჟიტომირში დაიბომბა, სრულიად განადგურებულია. ადამიანებმა კი, რომლებიც შენობაში იყვენ, აფეთქებამდე თავშესაფარში ჩასვლა მოასწრეს.
"თავს მიწისქვეშა დერეფნებს ვაფარებთ, რადგან გარეთ განგაშის ხმაა. კიდევ რამდენი საათი მოგვიწევს აქ ყოფნა, არავინ იცის. ასე ვართ უკვე რამდენი ხანია და არ ვიცით, რა იქნება,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ აგრესორ რუსეთს მათი დაპყრობა და რუსული ჩექმის ქვეშ მოქცევა უნდა.
"ჩვენი სახლები განადგურდა რუსებისგან, რომელიც ჩვენი მოძმე ერი იყო და აგრესორმა პუტინმა რა გააკეთა? ჩვენი დაპყრობა მოინდომა. უნდა რომ რუსული ჩექმის ქვეშ მოგვაქციოს, უნდა რომ აღარ ვიარსებოთ. რაც მე ვნახე, 29 წლის ქალი და ორი მამაკაცი იმსხვერპლა რუსულმა ბომბებმა. მათ ასევე სკოლაც დაბომბეს," - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.
მოქალაქეები ამბობენ, რომ სიკვდილის არ ეშინიათ და საბრძოლო განწყობა აქვთ.
"აქ იყო საავადმყოფო და სამშობიარო სახლი და ესენიც კი დაბომბეს. ჩვენ ყველანი აქ ვართ და სიკვდილისაც არ გვეშინია. ვეხმარებით სამხედროებს, რადგან ეს ჩვენი მიწაა და არაფრის გვეშინია,“ - ამბობს ადგილობრივი.