27 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
თუ აუცილებელი არ არის, თავი შეიკავეთ ქალაქში გადაადგილებისგან თქვენი უსაფრთხოებისთვის და ნუ უგულებელყოფთ სიგნალიზაციას - კიევის მერი

ცოტა ხნის წინ აფეთქების ხმა გაისმა ქალაქ ენერგოდარში - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს, სხვა დეტალები ამ დროისთვის ჯერ კიდევ ზუსტდება. ატომურ ელექტროსადგურზე იერიში რუსულმა არმიამ გვიან ღამით მიიტანა, ადგილზე ცეცხლი გაჩნდა, თუმცა ხანძრის ლიკვიდაცია მოხერხდა, დაზიანდა მხოლოდ შენობის კონსტრუქცია და ოფიციალური ცნობებით, რადიაციის დოზები არ შეცვლილა.

უკრაინის პრეზიდენტი კი დასავლეთისგან საჰაერო სივრცის დაკეტვას ითხოვს და ევროპელ ლიდერებს ბირთვული კატასტროფის შესახებ აფრთხილებს - ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს ჩერნობილის კატასტროფა შეახსენა და თქვა, რომ დღეს გაცილებით დამანგრეველი საფრთხის წინაშე ვართ.

ომის მე-9 დღე უკრაინისთვის მძიმეა - ატომურ სადგურზე თავდასხმის გარდა, შეტაკებები გრძელდება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. მნიშვნელოვან სამიზნეს წარმოადგენს კიევი. საოკუპაციო ძალები ცდილობენ დედაქალაქის ალყაში მოქცევას და უკრაინელების წინააღმდეგობის შესუსტებას. ცეცხლშია გახვეული ხარკოვი.

"უკრაინაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მტერი კვლავ ახორციელებს იერიშებს კიევის მიმართულებით. ინტენსიური ავიაიერიშების სამიზნეა ხარკოვიც. სამხედრო ძალები თავის მხრივ წინააღმდეგობას უწევენ მტერს, მათ რეზერვისტების და ლოგისტიკის შევსების შემდეგ განაგრძეს თავდასხმები, მათ წარმატებას მიაღწიეს ენერგოდარში და დაამყარეს კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, წინ წავიდნენ ქალაქ ვოზნესენსკის მახლობლად, იქ ჩვენმა ჯარებმა გააჩერეს და ბრძოლები მიმდინარეობს. კიდევ ერთი ცხელი წერტილი არის ქალაქ კიევის ჩრდილო-დასავლეთით, ახლა იქაც ბრძოლებია, სახმელეთო ნაწილი, ავიაცია, არტილერია, ყველაფერი ჩართულია," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო კერძო აფთიაქების მფლობელებს მიმართავს, გახსნან სააფთიაქო ქსელები, ვინაიდან ადგილობრივების მრავალსაათიანი რიგები აიცილონ თავიდან.

"ღამემ დედაქალაქში გაცილებით მშვიდად ჩაიარა, საჰაერო თავდაცვის სისტემები რამდენჯერმე ამუშავდა. ახლა ქალაქი საომარი მდგომარეობის პირობებში ცხოვრობს, მანქანები დადის, მუშაობს სასურსათო მაღაზიები, ადგილობრივი აფთიაქების უმეტესობა. მივმართავ კერძო აფთიაქების მფლობელებს, გახსენით აფთიაქი ვისაც შეგიძლიათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ხალხი საათობით დგას რიგებში წამლების მისაღებად. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში ჩრდილოეთისა და დარნიცკის ხიდები ღიაა მარცხენა და მარჯვენა ნაპირებს შორის კომუნიკაციისთვის, მაგრამ თუ აბსოლუტურად აუცილებელი არ არის, თავი შეიკავეთ ქალაქში გადაადგილებისგან თქვენი უსაფრთხოებისთვის და ნუ უგულებელყოფთ სიგნალიზაციას, სასწრაფოდ ჩადით თავშესაფრებში," - ამბობს ვიტალი კლიჩკო.

დღის ამბები