27 ნოემბერი 2024,   20:57
ვრცლად
ამერიკამ შესაძლოა რუსეთიდან ნავთობის შეტანა შეწყვიტოს

არ არის გამორიცხული, შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან ნავთობის შემტანა შეწყვიტოს. ამერიკის ადმინისტრაცია, ამ ნაბიჯის გადასადგმელად, კონგრესიდან ორპარტიულ ზეწოლას განიცდის. ქვედა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ დღეს თქვა, რუსეთიდან ნავთობის შემოტანის აკრძალვას, ისიც მხარს უჭერს.

"ამას ვეთანხმები. აკრძალეთ. აკრძალეთ რუსეთიდან ნავთობის შემოტანა. ჩვენ არ გვსურს, ხალხმა საწვავში ცოტა უფრო ძვირი გადაიხადოს. ამიტომ, ერთ-ერთ შეთავაზებად, გადასახადისგან დროებით გათავისუფლება გაჩნდა. ამ საკითხზე ვსაუბრობ, რადგან მის შესახებ ხშირად გვსმენია. თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ ნავთობკომპანიები შემცირებულ ფასს, მომხმარებლამდე მიიტანენ," - აცხადებს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი

რუსეთიდან ნავთობის ყიდვას შეერთებული შტატები დღემდე აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან შემოსული ენერგორესურსების წილი იმპორტში მხოლოდ მეათედია და ბევრად მეტი ნავთობი ამერიკას სხვა ქვეყნებიდან შემოაქვს, დიდი მოხმარებიდან გამომდინარე, ეს მაინც მნიშვნელოვან თანხებზე ადის. რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა კონგრესში თქვეს, თუ რა თანხას უხდის ამერიკა ყოველდღე რუსეთს ენერგორესურსებში.

"პრეზიდენტ ტრამპის დიდი ძალისხმევით, შეერთებული შტატებს, სულ რაღაც 1 წლის წინ, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ჰქონდა. პრეზიდენტ ბაიდენის უტოპიური, ახალი მწვანე კურსის წყალობით, ენერგოდამოუკიდებლობა დავკარგეთ. ადგილობრივი წარმოების გაძლიერების ნაცვლად, ჩვენ ნავთობს ვყიდულობთ ისეთი ქვეყნებისგან, როგორც რუსეთია. შეერთებული შტატები ყოველდღიურად 635.000 ბარელს ყიდულობს. თითო ბარელს 103 დოლარად. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთს ყოველდღიურად 65 მილიონ დოლარს ვუხდით. რატომ არ ხადენთ, რუსული ენერგორესურსების ბოიკოტირებას?"- ამბობს კონგრესმენი ჯორჯიის შტატიდან ენდრიუ ქლაიდი.

რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის საკითხზე, დღეს ახსნა-განმარტების გაკეთება თეთრი სახლის პრესმდივანსაც მოუხდა.

"ჩვენ ვაგრძელებთ სხვა ვარიანტების განხილვას, რათა შევწყვიტოთ ამერიკაში რუსული ენერგორესურსების მოხმარება. თუ საჯარო მონაცემებს ნახავთ, ის ჩვენი იმპორტის მხოლოდ 10%-ია. თუმცა მიწოდების შემცირება ფასებზე გავლენას იქონიებს,"- აცხადებს თეთრი სახლის პრეს-სპიკერი ჯენ ფსაკი.

რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შეჩერება იყო მთავარი მოთხოვნა დღეს თეთრი სახლის წინ გამართულ უკრაინელების აქციაზეც. იმპორტის შეწყვეტის გარდა ისინი საჰაერო სივრცის დახურვას და შავი ზღვის პატრულირებას ითხოვდნენ.

"ამ ნავთობიდან მიღებული ფული უკრაინელების მოსაკლავად გამოიყენება. უდანაშაულო უკრაინელების და სამხედროების დასახოცად, რომლებიც საკუტარ ქვეყანას იცავენ. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა რუსეთს შეუძლია დაუწესოს. უბრალოდ აღარ უნდა იყიდოს ნავთობი რუსეთიდან,"- აღნიშნავს აქციის მონაწილე არტემ კილიკი

დღესვე სანქციები დაუწესდა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის 22 კომპანიას, რომელიც შეიარაღებას აწარმოებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციებიც აამოქმედა. ისინი შეეხო ოლიგარქებს და მათი ოჯახის წევრებს. სულ 47 ადამიანს. სრული დამბლოკავი სანქციები უწესდებათ დეზინფორმაციის გამავრცელებელ შვიდ ორგანიზაციასა და მის ხელმძღვანელებს. 

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, იმ ოლიგარქების სიაც გამოაქვეყნა, რომლებსაც სანქციები შეეხოთ:

"ნიკოლაი ტოკარევი, ბორის როტენბერგი, არკადი როტენბერგი, სერგეი ჩემიზოვიიგიორ შუვალოვი, ევგენი პრიგოჟინი და ალიშერ უსმანოვი. სანქციები ეხებათ ამ პირების ოჯახის წევრებს და მათ მფლობელობაში არსებულ ორგანიზაციებსს. ალიშერ უსმანოვის საკუთარი, 150 მეტრის სიგრძის, 700 მილიონ დოლარად შეფასებული სუპერიახტა "დილბარი", რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კერძო იახტაა, გერმანიამ გუშინ დააკავა,"- ეს ინფორმაცია დღეს თეთრმა სახლმაც დაადასტურა.

უსმანოვის ქონება, "ფორბსის" მიხედვით, 14 მილიარდ დოლარზე მეტია. მას არაერთ სფეროში აქვს წილი. ერთ-ერთი უდიდესი კომპანია USM-სა და მეტალოინვესტში. პრეზიდენტის სანქციებში მოხვდა პუტინის პრესმდივანი და მთავარი პროპაგანდისტი დმიტრი პესკოვიც.

დღის ამბები