27 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
ომის მე-9 დღე უკრაინაში - ევროპის უდიდესი ატომური სადგურის შენობებს დაბომბვის შედეგად ცეცხლი მოედო

ომის მეცხრე დღე უკრაინაში - ხანძარია ზაპოროჟიეში მდებარე ელექტრო სადგურში. ცეცხლი ევროპის უდიდესი ატომური სადგურის შენობებს დაბომბვის შედეგად მოედო. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ადასტურებს.

"რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ევროპაში ყველაზე დიდ, ატომურ ელექტროსადგურს. ის თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება!" - წერს კულება ტვიტერში.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მეხანძრეები სულ ცოტა ხნის წი შეუშვეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, სადგურის ტერიტორიაზე რადიაციის დონეები არ შეცვლილა.

ატომურ სადგურთან დაკავშირებულ მოვლენებს აკვირდება თეთრი სახლი. უკრაინის ხელისუფლებასთან კონტაქტზე იმყოფება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც.

გამთენიისას სატელეფონო საუბარი შედგა ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. ბაიდენი რუსულ არმიას მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმა ზაპოროჟიეს ელექტრო სადგურზე.

უკრაინის პრეზიდენტმა კი ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ევროპას რუსული ჯარების შესაჩერებლად დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ ისევ მოუწოდა.

"მივმართავ ყველა უკრაინელსა და ევროპელს, ვინც იცის სიტყვა ჩერნობილი და ვინც იცის, რამხელა ტანჯვა და მსხვერპლი მოჰყვა ატომურ სადგურზე აფეთქებას. რუსეთს ამის გამეორება სურს, ოღონდ 6-ჯერ უფრო ძლიერად. იქ ექვსი ენერგობლოკია, ჩერნობილში კი მხოლოდ ერთი აფეთქდა. არცერთ სახელმწიფოს არ დაუბომბავს ატომური ელექტროსადგურები. პირველად კაცობრიობის ისტორიაში ტერორისტული სახელმწიფო ახორციელებს ბირთვულ ტერორიზმს.

რუსი პროპაგანდისტები მსოფლიოს ბირთვული ფერფლით დაფარვით დაემუქრნენ. ახლა ეს აღარ არის მუქარა. ეს რეალობაა. ჩვენ არ ვიცით, რა შედეგი მოჰყვება სადგურზე ხანძარს, როდესაც აფეთქება მოხდება, ღვთის ნებით, ეს არ უნდა მოხდეს. ჩვენი ბიჭები ყოველთვის უსაფრთხოდ იცავდნენ სადგურს, ამიტომ არ იყო პროვოკაციები, ნაღმები და შემდეგ ბირთვული კატასტროფით მთელი მსოფლიოს შანტაჟი.

უნდა შევაჩეროთ რუსი სამხედროები. უთხარით თქვენს პოლიტიკოსებს: უკრაინაში 15 ატომური ბლოკია. თუ აფეთქება მოხდა, ეს იქნება ყველას დასასრული. ევროპის დასასრული. მხოლოდ ევროპის დაუყოვნებლივ მოქმედებას შეუძლია შეაჩეროს რუსული ჯარები და თავიდან აიცილოს ატომურ სადგურზე კატასტროფისგან ევროპის სიკვდილი,"-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ღამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა და განგაშის სიგნალი ისმოდა უკრაინის დედაქალაქში.უკრაინის მსგავსად განგაშია ვოლინსა და ოდესაში.

რუსული ჯარებითაა გარშემორტყმული მარიუპოლი. ქალაქის მერი აცხადებს, რომ სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროებათ.

სიენენის ინფორმაციით, ხერსონის პორტში სამთავრობო შენობებს რუსები აკონტროლებენ.

უკრაინული მხარე ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსებზე რუსების საჰაერო იერიშის შედეგად 33 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ იუწყება.

პენტაგონის ინფორმაციით კი უკრაინაში, საზღვართან ომამდე განლაგებული რუსული ჯარების 90% უკვე შევიდა.

დღის ამბები