27 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სალომე ზურაბიშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რაც შეეხება საუბრის შინაარსს ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით ენტონი ბლინკენმა საქართველოს პრეზიდენტთან ისაუბრა გლობალური პასუხის შესახებ, რომელიც უკრაინაზე  რუსეთის წინასწარ განზრახ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმას უნდა გაეცეს და ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაზე.

"მდივანმა მადლიერება გამოხატა უკრაინის მიმართ საქართველოს ხალხისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირადი, მტკიცე მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა აშშ-ს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, მშვიდობიანი და აყვავებული ევროატლანტიკური მომავლისკენ," - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო მდივანთან შემდგარ საუბარს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც

"ვესაუბრე აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. ვთანხმდებით უკრაინის მიმართ საერთო მხარდაჭერაზე.

ამ რთულ პერიოდში, ვაფასებ ჩვენი პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მიმართ

მადლობა აშშ-ს პრეზიდენტს ეროვნული თანხმობის პროცესის მხარდაჭერისთვის.

ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო მდივანი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა,"- წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.

დღის ამბები