27 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
რა არის აგრესორის მთავარი სამიზნე და როგორია მსხვერპლთა სტატისტიკა - 8-დღიანი ომის ქრონიკა

საბრძოლო ტექნიკა უკრაინისკენ არის მიმართული. რუსული სარაკეტო იერიშები ათეულობით წერტილში ერთდროულად ხორციელდება.

ჟიტომირის ოლქში, ქალაქს რუსულმა ავიაციამ გადაუარა. სტრატეგიულ წერტილებთან ერთად, დაბომბილია მშვიდობიანი მოსახლეობაც. კიევიდან დასავლეთით, დაახლოებით 140 კილომეტრში მდებარე ქალაქის ნანგრევებში, ადამიანებს ეძებენ.

აგრესორი, მთავარი სამიზნის, კიევის მაქსიმალურ ბლოკირებას ცდილობს. დედაქალაქმა მძიმე შეტევები კიდევ ერთხელ მოიგერია. მტერი კიევის დაცვის გარღვევას, ქალაქში შესასვლელი და გასასვლელი გზების დაკავებას ცდილობდა. რუსულმა ჯარმა ძლიერი სარაკეტო იერიში, ქალაქზე ღამის განმავლობაში რამდენჯერმე მიიტანა. ჭურვი ჩამოაგდეს რკინიგზის სადგურთან ახლოს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედაც.

ისევ უმძიმესი სიტუაციაა ხარკოვში. ოლქი, ამ ეტაპამდე ომის ერთ-ერთ მთავარ ეპიცენტრად რჩება. იქ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა არ წყდება. ჭურვები მოხვდა სკოლებს, მაღაზიებსა და ეკლესიას. რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქის ტერიტორიულ თავდაცვის შტაბსაც. სარაკეტო იერიშის დროს დაიღუპა ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის წევრი.

მსხვერპლი მოჰყვა საცხოვრებელ კორპუსზე საჰაერო დარტყმას ქალაქ იზიუმში. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 8 ადამიანი, მათ შორის მამა, 1 დღის დაბადებულ შვილთან ერთად.

ქვეყანაში კვლავ განგაშის სიგნალი ისმის. ღამით საჰაერო დარტყმები მიაყენეს ხერსონსაც. რუსული მხარე ქალაქ ხერსონზე სრული კონტროლის მოპოვების შესახებ საუბრობს, თუმცა ოფიციალური კიევი ფაქტს არ ადასტურებს.

ცხელი წერტილია დონეცკიც. მტერი ოლქის რამდენიმე ქალაქს ერთდროულად უტევს. 

საჰაერო და სახმელეთო იერიშთან ერთად, ოდესას საზღვაო დარტყმებიც ემუქრება. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში სადესანტო გემები ჩანს, რომლებიც ოლქის სანაპიროებს უახლოვდება.

უკრაინას მერვე დღეა უტევენ სამხრეთიდანაც. ამ შემთხვევაში ზაპოროჟიეს ოლქში დაბომბილია ქალაქები. აგრესორი თავს დაესხა ქალაქ ჩერნიგოვსაც. იერიშის შედეგად იწვის ნავთობბაზა.

უწყვეტი დარტყმის ქვეშ არის მარიოპოლიც. ქალაქის დიდი ნაწილი განადგურებულია, დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

უკრაინელებმა რამდენიმე სანიტარული ნიშნით მოძრავი სატვირთო გაანეიტრალეს. სინამდვილეში, ავტომობილები საბრძოლო მასალებით იყო დატვირთული, რომელიც რუსი სამხედროების მოსამარაგებლად მიემართებოდნენ.

მძიმე დღეშია ნიკოლაევის ოლქიც, სადაც რუსებმა შეტევა ზღვიდან დაიწყეს. თუმცა მალევე უკრაინულმა დივიზიებმა გაანეიტრალეს დესანტი, რომელიც თავდასხმას ქალაქ ნიკოლაევთან ცდილობდა.

რუსები ადამიანურ დანაკარგზე ალაპარაკდნენ. ოფიციალური მოსკოვის ინფორმაციით მათი სამხედრო მსხვერპლი 498 კაცია. დაჭრილი კი, 1579. აგრესორები ითვლიან უკრაინის განადგურებულ სამხედრო ტექნიკასაც, თუმცა კრემლი რეალურ ინფორმაციას მალავს.

ომის დაწყებიდან მე-8 დღეს, უკრაინა კონტრშეტევაზე კიდევ ერთხელ გადავიდა. ერთდროულად თავდაცვისა და თავდასხმის რეჟიმში მყოფი უკრაინელები მშობლიურ მიწაზე მტრის მოგერიებას ცდილობენ.

180 საათზე მეტია, უკრაინა თავისუფლებისთვის იბრძვის. სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად საკუთარ მიწაზე შეჭრილ მტერს რვა დღეა გმირულად უმკლავდებიან.

დღის ამბები