27 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებაზე - რას ამბობენ ევროდეპუტატები და როგორია საქართველოს ევროპული პერსპექტივა

ევროპარლამენტმა უკვე დადგა პოლიტიკური ნაბიჯი და მიღებული რეზოლუციით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოსთხოვა, უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. დღეს კი ევროდეპუტატები ბრიუსელში საუბრობენ, რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ უკრაინის ევროკავშირში მიღებაზე დისკუსია რაც შეიძლება მალე დაიწყოს. დღეს პოლონელმა ევროდეპუტატებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც რეგიონში უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ევროპული პერსპექტივა საქართველოსა და მოლდოვასაც უნდა ჰქონდეთ.

"უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ახლა საჭიროებაა და იმედია პოლიტიკური გადაწყვეტილება მალე იქნება. თუმცა ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მხოლოდ უკრაინაზე. რადგან ეს ომი დაიწყო 2008 წელს საქართველოში, რატომ უნდა გადაიხადონ მაღალი ფასი მათ ან მოლდოველებმა, რომლებიც ასევე შეიძლება გახდნენ პოტენციური მსხვერპლი თუ რუსეთმა აგრესია განაახლა. ან რა დააშავეს ბალკანელებმა? ყველა ვისაც სურს მშვიდობიან ევროპაში იცხოვრონ, იმ წესებით რისიც გვჯერა, ჰქონდეთ დემოკრატია, დაცული იყოს მათი ხალხის უფლებები - აქვთ ამის უფლება. უკრაინისთვის ამ პროცესს დაჩქარებული სახე ექნება, თუმცა უახლოეს მომავალში ევროპაში გაფართოების ახალ მასშტაბებზე უნდა ვისაუბროთ. იგივე გზა უნდა შეეხოთ საქართველოსა და მოლდოვას - კანდიდატის სტატუსი მინიჭების თვალსაზრისით, აქტიური მოლაპარაკებების საფუძველზე. ეს ჩვენი ვალდებულებაა, არა მხოლოდ ომის გამო, არამედ იმ ადამიანების მოლოდინების გამო, რომლებსაც თანასწორი უფლებები აქვთ," - აცხადებს ევროპარლამენტარი ანდრეი ჰალიცკი.

ევროპარლამენტარი ურმას პაეტი რუსულ აგრესიას მთელ კაცობრიობაზე თავდასხმად აფასებს:

"უმნიშვნელოვანესია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყოს გამოძიება, რადგან ეს არაა უბრალოდ უკრაინელ ხალხზე თავდასხმა, ესაა მთელ კაცობრიობაზე თავდასხმა, ომის დანაშაული, გენოციდი. მთელი საერთაშორისო საზოგადოება მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ეს შეიძლება გაგრძელდეს პუტინის რეჟიმის დასრულებამდე, კვირები ან თვეები, ამიტომ უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია შემდეგ კვირებსა და თვეებშიც. ვიმედოვნებ, რომ უკრაინა მალე გახდება ევროკავშირის წევრი, არსებობს გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც იმედია ამას შესაძლებელს მალე გახდის. ვაგრძელებთ მათთან საუბრებს ამ საკითხებზე და თუ პროცესი წარმატებული იქნება, დიახ მათი წევრობა აბსოლუტურად შესაძლებელია. ახლა კანდიდატის სტატუსის მინიჭება მათთვის ყველაზე რეალისტური რამაა, ამისათვის კონსენსუსია საჭირო და იმედია ამას მხარს ყველა დედაქალაქი დაუჭერს," - განაცხადა ურმას პაეტმა.

ევროპარლამენტარი ფაბიო მასიმო კასტალდო ხაზს უსვამს ევროპის ერთიანობისა და რუსეთზე ზეწოლის აუცილებლობას და ამბობს, რომ ახლა ნეიტრალობა და გვერდზე დგომა აგრესორთან თანამშრომლობის ტოლფასია.

"ჩვენ გვეგონა, რომ ეს ყველაფერი მეორე მსოფლიო ომთან ერთად დავასრულეთ. ახლა ვხედავთ, რომ ისტორია ბრუნდება და ამ მომენტში გვჭირდება ძლიერი ერთად დგომა. გვჭირდება მასიური სანქციები, ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე და ასეც გავაგრძელებთ, რათა პასუხი აგოს პუტინმა, რუსულმა ელიტამ, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, ეკონომიკურმა აქტორებმა. რუსეთში უნდა გაიგონ, რომ ფასი იქნება მაღალი, თუ ასე გააგრძელებენ. რადგან თუ პუტინი სამხედრო გამარჯვებას მიაღწევს უკრაინის მიწაზე, რა იქნება შემდეგ მოლდოვაში, რა იქნება საქართველოში? ახლა ნეიტრალობა და გვერდზე დგომა აგრესორთან თანამშრომლობის ტოლფასია. იმედი გვაქვს უკრაინული ჯარი მტერს მაქსიმალურ წინააღმდეგობას გაუწევს და დროს მისცემს სანქციებს, რომ კონკრეტული ეფექტი აჩვენოს," - განაცხადა ფაბიო მასიმო კასტალდომ.

დღის ამბები