როდესაც დიქტატორები არ იხდიან საფასურს თავიანთი აგრესიისთვის, ისინი უფრო მეტ ქაოსს ქმნიან - ეს არის ჯო ბაიდენის სიტყვები, რომელიც მან კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა. ამერიკა ევროკავშირის ნაცვლად, რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს და აამოქმედებს ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის ეკონომიკურ ბლოკადაში მოსაქცევად.
უკრაინის პარტნიორია სანქციების კონტექსტში კანადა, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტს კრძალავს, დღეს კი სავიზო შეღავათებს აწესებს უკრაინელებისთვის. სანქციებთან ერთად, სამხედრო აღჭურვილობით მოამარაგებს უკრაინას ესპანეთიც. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. 50 მილიონი ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის უკრაინას ავსტრალიაც. სამხრეთ კორეა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ფარგლებში, შვიდ მსხვილ რუსულ ბანკს ფინანსურ ტრანზაქციებს უკრძალავს.
მსოფლიო ერთიანია, თუმცა სანქციებთან დაკავშირებით, ქვეყნები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ. სანქციებს არ უერთდება მოლდოვა. რომელიც საქართველოსა და უკრაინასთან ერთად, ასოცირებული ტრიოს წევრია. მოლდოვაში ამბობენ, რომ სანქციებზე მიერთება ეკონომიკური მიმართულებით, ახალ პრობლემებს შექმნის. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ეკონომიკაზე პოტენციურ გავლენას სწავლობენ ისრაელშიც. სწორედ ამ ანალიზის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, სანქციებთან მიერთების თვალსაზრისით ისრაელში. უკრაინაში სამხედრო შეიარაღებას და ამ ფორმით ომში ჩართვაზე უარს აცხადებენ უნგრეთში, ბულგარეთში და პოლონეთში. პრეზიდენტმა დუდამ თქვა, რომ მათი სამხედრო თვითმფრინავები უკრაინაში გაგზავნა კონფლიქტში ჩართვა იქნება, NATO კი, ამ კონფლიქტის მონაწილე არ არის. სამხედრო ფორმით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობას არ აპირებენ ასევე სერბეთი და თურქეთი.
კომპანია Boeing-მა განაცხადა, რომ რუს პარტნიორებთან ურთიერთობას წყვეტს და მოსკოვში ყველა ძირითად ოპერაციას აჩერებს. ამერიკული ენერგოკომპანია ExxonMobil-ი აცხადებს, რომ რუსეთში მუშაობას წყვეტს და ქვეყანაში ინვესტიციებს აღარ განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება Shell-მა და BP-მაც მიიღეს. ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Ford-ის ინფორმაციით, რომ რუსეთში ოპერაციებს დაუყოვნებლივ წყვეტს. მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას დახმარების სახით 5,2 მილიარდ დოლარს გამოუყოფენ.
მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ზედიზედ მე-3 დღეა გაჩერდა.