27 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება - ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც პარტიის თავმჯდომარემ უკრაინასთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგისას ასევე განაცხადა ისიც, რომ საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება

"პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას.

ამასთან, კიდევ ერთხელ გვსურს გამოვეხმაუროთ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ.

ეს გადაწყვეტილება არის, გაუმართლებელთან ერთად, სრულიად ალოგიკური მრავალი მიზეზის გამო.

კერძოდ, როგორც ყველას მოგეხსენებათ, საქართველომ ქმედითი ნაბიჯებით გამოხატა პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყველა შესაბამის პლატფორმაზე - ევროსაბჭოში, გაეროში, ეუთოში. უკრაინას არ გაუწვევია ელჩები იმ ქვეყნებიდანაც კი, რომლებმაც აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის სასარგებლო პოზიცია დააფიქსირეს. მაგალითად, უკრაინას არ გაუწვევია ელჩი ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსეთისთვის ევროსაბჭოს წევრის სტატუსის შეჩერებას არ დაუჭირეს მხარი ან გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობაზე თქვეს უარი.

თუ ელჩის გაწვევის მიზეზი სანქციების არდაწესება იყო, შეგახსენებთ, რომ სანქციების დაწესებაზე უარი თქვა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის მოლდოვამ, თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა და სხვ. თუმცა, უკრაინის ხელისუფლებას ელჩი არცერთი ამ ქვეყნიდან არ გაუწვევია.

თუ ელჩის გაწვევის მიზეზი საქართველოს მთავრობის მონაწილეობით უკრაინაში მოხალისეების არგაგზავნა იყო, შეგახსენებთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება არაერთმა ქვეყანამ მიიღო, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და სხვ. თუმცა, არც ეს გადაწყვეტილება გამხდარა შესაბამისი ქვეყნებიდან უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევის მიზეზი.

ალოგიკურობის კულმინაციაა ის ფაქტი, რომ უკრაინის ხელისუფლებას ელჩი დღემდე არ გაუწვევია ბელარუსიდანაც კი, როდესაც რუსეთი აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიას სამხედრო ინტერვენციისთვის იყენებს.

აშკარაა ორმაგი სტანდარტი, რომელსაც, ბუნებრივია, თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს.

ისიც ალოგიკურია, რომ ომში ჩართული ქვეყნის ხელისუფლების ლიდერებს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება შეიძლება ესახებოდეთ.

როგორც გუშინაც განვაცხადეთ, აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. დავით არახამია, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავადაც აღნიშნა, მისი "დაფრთიანებულია". უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად. ასეთ პირობებში, მათ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, ბუნებრივია, მარტივად შეუძლიათ.

სამწუხაროა, რომ ამგვარი ქმედებებით ეს ადამიანები დამატებით პრობლემებს უქმნიან ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ უკრაინას და მის ხელისუფლებას.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საჯაროდ ვერ ბედავენ და გაურბიან პოზიციის დაფიქსირებას იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩაერთოს თუ არა საქართველო სამხედრო კონფლიქტში ან უნდა დააწესოს თუ არა საქართველომ სანქციები. ქვეყნის ომში და სანქციებში ჩათრევის ფარული მცდელობების ნაცვლად, მათ ურჩევნიათ საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხებზე.

ომსა და სანქციებში ქვეყნის ჩათრევის ფარული მცდელობით, ეს ადამიანები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ როგორც 2008 წელს, ისე ახლაც ისინი მტრობენ და ღალატობენ ქვეყანას და ეს არის მათი ქმედებების ერთადერთი მოტივაცია.

საქართველოს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ აყვება მოღალატეების სცენარს და არ ჩართავს ქვეყანას სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს, ასევე არ დააწესებს სანქციებს, რომლებიც რუსეთს ჩვენი მხრიდან ვერავითარ პრობლემას ვერ შეუქმნის, მაგრამ ჩვენს მოსახლეობას ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას უკიდურესად დაუმძიმებს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველო განაგრძობს უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ჩვენი პოზიცია უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით იქნება ურყევი. საქართველო მაქსიმუმს გააკეთებს უკრაინელი ხალხისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. ჩვენთვის უკრაინა არის არა მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე ან დავით არახამია, არამედ, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხი, რომელიც იმსახურებს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ამ პრინციპების დასაცავად, საქართველო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს და გააკეთებს.

ოპოზიციას, რომელიც ირონიულად აფასებდა ჩვენს ამბიციურ საპროგრამო გეგმას 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე, დღეს აქვს შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი ამ საკითხის გარშემო.

ამ აჟიოტაჟსაც აქვს ერთადერთი მიზანი, აღნიშნული განაცხადი სანქციების დაწესებასა და შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას დაუკავშირონ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ როგორც სანქციების დაწესება, ისე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს რაიმე ფორმით ჩართვა იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის.

ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების დაკავშირება სანქციებთან ან ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. პირიქით, ეკონომიკურად სუსტი და მოწყვლადი ქვეყანა ევროკავშირში არავის ჭირდება. სანქციებითა და ომით დამძიმებულ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა სრულად გაუქრებოდა.

2024 წელს, როგორც ეს "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამით იყო გათვალისწინებული, ძლიერი, ახალი რეფორმებით ზურგგამაგრებული განაცხადის შეტანას ექნებოდა მრავალი უპირატესობა განაცხადის ნაჩქარევ შეტანასთან შედარებით. თუმცა, საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე, "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს.

საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება.

მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ჩვენი ოცნება და პოლიტიკური მიზანია, საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი, მათ შორის ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც.

გასული წლების განმავლობაში, ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა არაერთი შთამბეჭდავი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციურ ამოცანად განვსაზღვრეთ. განვახორციელეთ მრავალი რეფორმა, რომელმაც ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვა. 2024 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენა „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს საარჩევნო პროგრამის მთავარ მიზნად გამოაცხადა. ამ ძალისხმევის ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება განაცხადის დაუყოვნებლივ წარდგენისა და კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ.

გასულ წელს საქართველოს ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელმაც 10,6 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარი 18-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დავხურეთ. ჩვენი ხელისუფლება მყარად იცავს სახელმწიფოს ინტერესებს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს არის გზა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სიღარიბის დაძლევამდე, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ხარისხის თვისებრივ ამაღლებამდე და დეოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი მომავალშიც გამსჭვალული იქნება ამ მიზნით და პასუხისმგებლობით ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები