27 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
რუსული აგრესიის ფონზე ევროპიდან სიგნალებს ვიღებთ, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს კანდიდატის სტატუსის მიღების დასაჩქარებლად - ნიკოლოზ სამხარაძე

ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის შენიშვნები არარელევანტური და უარგუმენტო მიაჩნიათ მმართველ გუნდში.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სურთ ევროკავშირს გააგონონ, რომ ქართველი ხალხი არის მომხრე საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

"საკმაოდ დაგეგმილი პოლიტიკა გვქონდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადზე. ეს პოლიტიკა იყო ის, რომ 2024 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაახლოებით 2/3 უნდა შეგვესრულებინა და ამის შემდეგ გაგვეკეთებინა განაცხადი. ჩვენ ამ გართულებული ვითარებისა და რუსული აგრესიის ფონზე ვიღებთ ევროპიდან რაღაც სიგნალებს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ამ სტატუსის მიღების დასაჩქარებლად. ჩვენ გვინდა გავაგონოთ ხალხის ხმა, ხალხის წარმომადგენელი არის პარლამენტი და გვინდა გავაგონოთ ევროკავშირს, რომ ქართველი ხალხი არის მომხრე საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სოზარ სუბარი კი იმედოვნებს, რომ რეზოლუციის პროექტს ოპოზიცია მხარს დაუჭერს. მისივე თქმით, ევროპასთან ინტეგრაცია ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი არჩევანია.

"ევროპული არჩევანი და ევროპასთან ყოფნა არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი არჩევანი, ეს არ არის რომელიმე ეპოქის ან პოლიტიკური გუნდის განწყობა. ევროკავშირში გაწევრიანება არის უახლოესი დროის მთავარი ამოცანა, რომელიც ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაშიც და რომელსაც სხვათა შორის, არც ერთმა ოპოზიციურმა ძალამ მხარი არ დაუჭირა. რეზოლუციის პროექტი დიდი ხანია, მომზადებულია, მაგრამ დღემდე გამოტანა არ ხდებოდა, რადგან მუშაობა მიმდინარეობდა, თუმცა ახლა არის ვითარება, როცა ამ პროცესის დაჩქარებულად ლობირება შეიძლება. იმედია, ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერენ. თუ დოკუმენტის შინაარსსა და სულისკვეთებაზე ვთანხმდებით, დანარჩენ დეტალებზე მუშაობა გაგრძელდება," - აღნიშნა სოზარ სუბარმა. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა. 13 პუნქტისგან შემდგარ პროექტში გამოხატულია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი პარლამენტის მოწოდება, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.

 
დღის ამბები