უკრაინის პრეზიდენტმა "როიტერსთან" და CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთმა უნდა შეაჩეროს უკრაინის ქალაქების დაბომბვა, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებით მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საიმედოდ დაცულ ბუნკერში შედგა.
"აუცილებელია, სულ მცირე, ადამიანების დაბომბვა შეწყდეს, შემდეგ კი დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც "როიტერსი" წერს, სწორედ მაშინ, როდესაც ზელენსკი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, რუსული რაკეტა კიევში ტელეანძას დაეცა, შემთხვევას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა.
"მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ ეს (რუსული) ჯარები ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრებთან აღმოჩნდებიან, თქვენც იმავე პრობლემის წინაშე დადგებით," - განაცხადა ზელენსკიმ.
როდესაც მის ყოველდღიურ რეჟიმზე ჰკითხეს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "მუშაობს და სძინავს". ის ემოციური ჩანდა, როდესაც აღნიშნა, რომ უკვე 2 დღეა, შვილები არ უნახავს.
კითხვაზე, კიდევ რამდენ ხანს შეძლებს ქვეყანა არსებულ მდგომარეობას გაუძლოს, ზელენსკიმ თქვა :
"ჩვენ არ ვუძლებთ, ჩვენ ვიბრძვით და ჩვენი ერი იბრძოლებს ბოლომდე. ეს ჩვენი სახლია, ჩვენს მიწას ვიცავთ, ჩვენს სახლებს... ჩვენი ბავშვების მომავლისთვის ვიბრძვით. ვიცავთ ჩვენს უფლებას, ვიცოცხლოთ. და ისინი (რუსები) რას აკეთებენ აქ? მათ არ ესმით ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოსი, ჩვენი ფილოსოფიის... მათ არ იციან აქ არაფერი, გამოგზავნეს, რომ დახოცონ სხვები და დაიხოცონ თვითონაც. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ ჩვენს მიწაზე და კიდევ უფრო გავძლიერდებით".