უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, თუ ისინი მისი ალიანსის წევრად მიღებისთვის მზად არ არიან. ამის შესახებ ზელენსკიმ Reuters-სა და CNN-თან ერთობლივ ინტერვიუში ისაუბრა.
უკრაინის ლიდერი დაჟინებით მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას უფრო მეტი გააკეთონ უკრაინის მხარდაჭერისთვის, მათ შორის შექმნან არასაფრენი ზონა უკრაინის ტერიტორიაზე.
"ჩვენ არ ვსაუბრობთ ნატოს ქვეყნების ომში ჩაბმაზე. სიმართლე ისაა, რომ ყველა უკვე დიდი ხანია ჩათრეულია ცხადია არა უკრაინის, არამედ რუსეთის მიერ - სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს," - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მას უთხრა, რომ ჯერჯერობით ასეთი ღონისძიების დანერგვის დრო არაა.
"ჩვენი პარტნიორები თუ მზად არ არიან უკრაინის ნატოში შეყვანისთვის... ვინაიდან რუსეთს არ სურს უკრაინის ნატოში ყოფნა, მათ უნდა შეიმუშაონ უკრაინის უსაფრთხოების საერთო გარანტიები," - განაცხადა ზელენსკიმ.
"ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი საზღვრები დაცულია, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა ყველა მეზობელთან, რომ ჩვენ სრულიად უსაფრთხოდ ვართ და გარანტორები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ამის გარანტიას იურიდიულად იძლევიან," - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინა იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის, ამიტომ მას ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერის იმედი აქვს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის ქალაქების დაბომბვა, სანამ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები დაიწყება. მისი თქმით, ის მზადაა პუტინთან მოლაპარაკებისთვის თუმცა აღნიშნა, რომ ამისთვის საჭიროა "მინიმუმ მინიშნებები" ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ. ასევე მისი თქმით, ვერ ხედავს კონკრეტიკას რუსეთთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ.
"მნიშვნელოვანია, სულ მცირე, შეწყდეს მოსახლეობის დაბომბვა, უბრალოდ შეწყვიტოს დაბომბვა და შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს," - განაცხადა ზელენსკიმ.