პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა. რა პერსპექტივები აქვს დოკუმენტს და რა სახელდება მთავარ გამოწვევად ამ ეტაპზე. ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ "კურიერის" ეთერში ისაუბრა.
მაკა ბოჭორისშვილის თქმით, ის მოვლენები, რაც დღეს უკრაინაში ვითარდება, შესაძლოა გახდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების საფუძველი, როგორც უკრაინისთვის ასევე საქართველოსთვისაც:
"სამწუხაროა, რომ უკრაინას და უკრაინელ ხალხს ასეთი მსხვერპლის გაღება უწევთ იმისათვის, რომ ჩვენ დაჩქარებულად თუ აჩქარებულად წავიდეთ წინ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მაგრამ შესაძლოა ის მოვლენები, რაც დღეს უკრაინაში ვითარდება გახდეს ევროკავშირში ისეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რაც ჩვენ ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას დააჩქაროს ის პროცესი და დაჩქარდეს ჩვენთან მიმართებაში.
ევროკავშირში გაწევრიანება ავტომატურად არ ხდება და ეს ნიშნავს ევროკავშირის კანონმდებლობასთან, სტანდარტებთან მაქსიმალურად ახლოს ყოფნას, თუმცა არიან პარლამენტში ჩვენთან კოლეგები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უბრალოდ განცხადება, რომ მე მინდა ევროკავშირში, ეს არის საკმარისი. ეს არაა საკმარისი ბუნებრივია. ჩვენ გვაქვს გამოცდილება და პარტნიორ ქვეყნებს აქვს გამოცდილება, გაფართოების პროცესი რასთან იყო დაკავშირებული, რამდენად ხანგრძლივი პროცესია, რაც უკავშირდება მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, სტანდარტების გადმოღებას და მაქსიმალურად ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში. ამისთვის საჭირო იქნება დრო. რამ შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე? დღესდღეობით საქართველოს აქვს ასოცირების შეთანხმება, ეს ნამდვილად არის ამბიციური შეთანხმება, ის ეხება ყველა სეგმენტს და გზამკვლევია იმ რეფორმებში რომელიც უნდა გავატაროთ. ეს არის მთავარი გამოწვევა, რომ ჩვენ დროულად შევძლოთ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია,"- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.