კოლონა, უკრაინული მედიის მტკიცებით, რუსულია და დედაქალისკენ მიემართება. მტერს რომ დანაკარგი აქვს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მოსახლეობას დილიდან უთხრა. გენშტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაჭრილი და დაღუპულია 5 000-ზე მეტი რუსი სამხედრო, ტყვედ კი 200-ზე მეტი აიყვანეს.
70 ჯარისკაცი დაკარგა უკრაინულმა არმიამ, მაშინ, როცა სუმის ოლქი იბომბებოდა. ჭურვები ოკუპანტებმა სამხედრო ნაწილში ჩამოყარეს. რაიონის სოფლებში მთელი დღის განმავლობაში საოკუპაციო ტექნიკა თეთრი დროშებით გადაადგილდებოდა, ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობას ესროდნენ. უკრაინული გენშტაბი ირწმუნება, რომ ბელარუსის ჯარები სამხედრო ოპერაციაში ერთვებიან და ჩერნოგოვის რეგიონში შევიდნენ. მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ ქალაქის ყველა შესასვლელ-გამოსასვლელი დანაღმული იყო. პარალელურად განცხადება გაავრცელა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი სამხედროები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში არ მონაწილეობენ.
უკრაინის პრეზიდენტი დიპლომატიური მოლაპარაკებების პერსპექტივაზე ბევრს ვერაფერს ამბობს, მტერს კი ომის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. მიაჩნია, რომ უნდა გადაიხედოს ცის დახურვის საკითხი რუსული თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის. ვლადიმერ პუტინი რომ მარტოა ამ ბრძოლაში, ეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მსოფლიოს ვიდეოგზავნილით შეახსენა.
რუსეთი კვლავ იმუქრება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სპეცოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ კრემლი დასახულ მიზანს არ მიაღწევს, სერგეი შოიგუ ამტკიცებს, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია არ მოუხდენია და უფრო მეტიც, ბომბები არა საცხოვრებელ სახლებს, არამედ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ეცემა.
ვლადიმერ პუტინი რომ ამ ბრძოლაში მარტოა და მსოფლიომ ზურგი შეაქცია- ამაზე ეს კადრებიც მეტყველებს. მაშინ როცა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე კრემლის პირველმა დიპლომატმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო, დიპლომატებმა დემარში მოაწყვეს და სერგეი ლავროვი დარბაზში მარტო დატოვეს.
მდინარე პრიპიატის მიმდებარედ ისტორიული ზავი არ შედგა. დიპლომატიური ფრონტი მხარეებმა უშედეგოდ დატოვეს. ახლა მხარეები მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის ემზადებიან. შესაძლოა ომში ჩართული მხარეები ერთი მაგიდის გარშემო ხვალ მეორედ დასხდნენ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთი ითხოვს ყირიმს, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას და საპარლამენტო დონეზე ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს.
ფრონტის წინა ხაზზე თუ მის მიღმა ახალი გმირობის ისტორიები იწერება. ისტორიას წერს ყველა, ვისაც ბრძოლა შეუძლია და ვინც ომის შეჩერებას შიშველი ხელებითაც ცდილობს.