27 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
ნავთობის იმპორტის აკრძალვა, გამკაცრებული წესები იარაღისა და ტექნოლოგიების ექსპორტზე და ბევრი სხვა - რა სანქციებს უწესებს მსოფლიო რუსეთს​

კანადა დიდი შვიდეულის პირველი ქვეყანაა, რომელიც რუსეთისგან ნედლი ნავთობის იმპორტს კრძალავს. ქვეყნის პრემიერის ჯასტინ ტრუდოს შეფასებით, ეს პირდაპირი გზავნილია ვლადიმერ პუტინისთვის, რადგან ნავთობის ინდუსტრიას დიდი სარგებელი მოაქვს რუსეთის ლიდერისა და მისი ოლიგარქებისთვის. ნავთობზე ემბარგოს გარდა კანადა უკრაინას სამხედრო იარაღს და აღჭურვილობასაც მიაწვდის.

რუსული ენერგოსექტორის სანქცირების საკითხს განიხილავენ თეთრ სახლშიც, თუმცა ადმინისტრაციაში ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმ პოტენციურ საფრთხეზე, რომელიც შესაძლოა სანქციების ახალმა პაკეტმა მსოფლიო ენერგო ბაზარზე გამოიწვიოს.
 
კონკრეტული ეკონომიკური სანქციების დაწესების გარდა, დასავლეთი უკრაინას ჰუმანიტარული და სამხედრო შეიარაღებითაც ეხმარება. ავსტრალია, რომელიც უკვე შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს, დამატებით კიევში 50 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს აგზავნის. ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს უერთდება ნეიტრალური შვეიცარიაც. შვეიცარიის საჰაერო სივრცე უკვე დაიხურა რუსეთიდან განხორციელებული ყველა რეისისთვის.
 
მსოფლიო შეთანხმდა, რომ უკრაინაში ომის გამო, რუსეთის ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგოს. თუმცა სანქციებთან მიერთების კონტექსტში გადაწყვეტილებას ქვეყნები ინდივიდუალურად იღებენ. მაგალითად, ისრაელში ჯერ სწავლობენ სანქციების პოტენციურ გავლენას ეკონომიკასა და პოლიტიკაზე.
 
ეკონომიკური კუთხით საფრთხეებს ხედავენ მოლდოვაშიც და ამ დრომდე არ უერთდებიან დაწესებულ შეზღუდვებს. უკრაინაში სამხედრო შეიარაღების გაგზავნა მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველი იქნება უნგრეთის პრემიერის მოსაზრებითაც. სამხედრო შეიარაღებას არ აგზავნის კიევში არც პოლონეთი.
 
ასოცირებულ ტრიოში საქართველოს ერთ-ერთი აქტიური პარტნიორის, მოლდოვას პოზიციის მიუხედავად, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში მაინც მიიჩნევენ, რომ ქვეყანა სანქციებს უნდა შეუერთეს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ამ სიტუაციაში უფრო მთავარი ეროვნული ინტერესები და მოსახლეობის უსაფრთხოებაა. საქართველოდან უკრაინაში უკვე გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარება. გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. ქართველებმა უკრაინელები მედიკამენტებით და პირველადი საჭიროების ნივთებით მოამარაგეს.
 
რუსეთის ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევას დღეიდან ტაივანიც შეუერთდა. რუსეთის ბანკების "სვიფტის" სისტემიდან გათიშვის გარდა ტაივანი გაამკაცრებს ექსპორტს იარაღსა და ტექნოლოგიებზე.
 
49 რუსულ კომპანიასა და ორგანიზაციას საექსპორტო სანქციები დაუწესა იაპონიის მთავრობამაც. იაპონელებმა რუსული ბანკების აქტივების გაყინვების გადაწყვეტილებაც მიიღეს და პერსონალური სანქციები დაუწესეს ვლადიმერ პუტინს, სერგეი ლავროვს, დიმიტრი მედვედევსა და რუსული პოლიტელიტის რამდენიმე წარმომადგენელს.
დღის ამბები