27 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
რა გზა გაიარა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომედიანტობიდან ომის გმირობამდე

პრეზიდენტად არჩევამდე ვოლოდიმირ ზელენსკი ცნობილი კომიკოსი მსახიობი იყო და მის ხუმრობებზე ათასობით მაყურებელი იცინოდა. 

ზელენსკიმ მსახიობის კარიერა სტუდენტობის დროს დაიწყო, ადგილობრივ "კავეენს" 17 წლის შეუერთდა. ჯერ იყო უკრაინულ გუნდ "ზაპოროჟია-კრივოი-როგ ტრანზიტის" წევრი, შემდეგ კი თავად შექმნა "კვარტალ 95", რომელიც მხიარულთა და საზრიანთა კლუბის უმაღლეს ლიგაში წარმატებით ასპარეზობდა. მისი სამსახიობო კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი კი 2015 წელს გადაღებული სერიალი "ხალხის მსახურია", რომელიც ზელენსკის პოლიტიკური მომავლის ერთგვარი რეპეტიცია აღმოჩნდა. სერიალში მოთხრობილია ისტორიის მასწავლებლის ვასილ გოლობორდკოს ისტორია, რომელიც მოულოდნელად ქვეყნის მმართველი ხდება.

2019 წლის 1 იანვარს ვოლოდიმირ ზელენსკის სატელევიზიო ეთერში მონოლოგი ჰქონდა, სადაც ის საუბრობდა სამ გზაზე, რომელიც უკრაინელებს აქვთ.

"პირველი გზა არის, რომ დარჩნენ აქ, იცხოვრონ როგორც ცხოვრობენ და დინებას მიჰყვნენ, მეორე გზაა წავიდნენ უკრაინიდან, ეს არჩევანია და ამ ხალხს თავის არჩევანში ვერ გავაკრიტიკებ, მესამე გზა კი არის სამშობლოში დარჩენა და უკრაინისთვის ყველაფრის გაკეთება, ასეთ ხალხს შეუძლია ჩემს გვერდით იდგეს," - აღნიშნა ზელენსკიმ. 

4 თვეში ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი გახდა. მან არჩევნებში 73 % მიიღო. მისი წინასაარჩევნო დევიზი ხალხის მსახური იყო. ქვეყნის უკვე პირველი პირის რანგში მყოფი ზელენსკის დაპირება კი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დასრულება. სიტყვა, რომელიც ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის ფიცის დადების დროს თქვა, დღემდე მისი მმართველობის მთავარი პრინციპია.

უკრაინის ომს, რომელიც უკვე მეოთხე დღეა გრძელდება ბავშვების სიცოცხლე შეეწირა, ახლა მათი მშობლები სხვა ბავშვების მომავლისთვის იბრძვიან. იარაღი უკრაინაში დღეს ყველას უჭირავს, არის სამხედრო თუ არა, ქალს, კაცს თუ მოხუცს. გადარჩენილი ბავშვები პუტინს ომის დასრულებას სთხოვენ, თავშესაფრებში რამდენიმე ახალი სიცოცხლე დაიბადა და ამ დროს მოქალაქეების გვერდით სამხედრო ფორმა ქვეყნის პრეზიდენტსაც აცვია.

უკრაინელი ხალხი თავის პრეზიდენტთან ერთად ბრძოლას განაგრძობს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაპირება არის ქვეყნის დაცვა, რადგან მისი თქმით, უკრაინელების იარაღი დღეს სიმართლეა, სიმართლე კი მათ მხარესაა. 

დღის ამბები