უკრაინელი ქალები დღისა და ღამის განმავლობაში ოკუპანტებისგან თავის დასაცავად ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებენ. ამბობენ, რომ ამით საკუთარ და სხვების სიცოცხლეს იცავენ.
ოკუპანტი რუსეთის აგრესიის შეკავებას შიშველი ხელებით ცდილობენ მშვიდობიანი მოქალაქეები. უკრაინელი კაცები მტრის ტანკებს წინ უდგებიან, რომ გააჩერონ და ამით თანამემამულეების სიცოცხლე და საკუთარი მიწა დაიცვან.
უკრაინის დიდების შეძახილების ფონზე მოქალაქეები ქვიშას იმარაგებენ, რომლისგანაც მტრისგან დასაცავად ბარიკადებს აკეთებენ, რათა სროლის დროს თავი ტყვიებისგან დაიცვან.
მშვიდობისთვის იბრძვის ყველა უკრაინელი. 97 წლის ვოლინელმა ბებიამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა, პუტინს ”მესიჯი“ მისწერა. "მე გადავურჩი ჰიტლერს და გერმანელებს, ვიყავი დონბასის რესტავრაციაზე. მე გადავურჩები პატარა პუტინს თავისი კალიებით. დიდება უკრაინას!“ - წერს ქალი.
მეოთხე კლასის მოსწავლე გოგონა, პოლინა, რუსეთის აგრესიას შეწირული კიდევ ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. პოლინა და მისი მშობლები კიევში რუსულმა დივერსიულმა დაზვერვის ჯგუფმა დახვრიტა. მოკლული გოგონას და და ძმა კი, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.
სიკვდილთან ერთად ჩნდება ახალი სიცოცხლეც. ახალშობილები სარდაფებში რჩებიან. უკრაინელი მოსახლეობა კი მათ დედებს საკვებით ამარაგებს.
უკრაინელ ხალხს ფრონტის ხაზიდან სამხედროები ამხნევებენ. თანამოქალაქეებსა და სამშობლოს უკრაინის ჰიმნს უმღერიან და ვიდეოებს სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.
უკრაინელი სამხედროების გმირობას არაერთი სიმღერა უკვე მიუძღვნეს მომღერლებმა და მცირეწლოვანმა ბავშვებმა. ისინი ჯარისკაცებს დაცვისთვის მადლობას ამ ფორმით უხდიან.
იმ ფონზე, როცა უკრაინელი სამხედროები, რომლებიც სამშობლოს იცავენ და მოქალაქეები ერთმანეთს ამხნევებენ, რუსეთი აგრძელებს შეტევას არაერთ ქალაქზე. არაერთი მცდელობის მიუხედავად, საკუთარ ქალაქებს ისევ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებს. მოქალაქეები და სამხედროები დანებებას არ აპირებენ და ყველა ვიდეომიმართვაში ამბობენ, რომ სამშობლოს დასაცავად სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ.