27 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
ომი უკრაინაში, დღე მეოთხე - ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ცაში და ხმელეთზე სამხედრო შეტაკებები შეუჩერებლად მიმდინარეობს

ისრაელის, თურქეთის და აზერბაიჯანის შეთავაზების მიუხედავად, როგორც ჩანს ლუკაშენკოს დიპლომატია უფრო სწრაფი და ახლო აღმოჩნდა. რუსულ-უკრაინული დელეგაციების პირველი შეხვედრა საომარი მოქმედებების პარალელურად, სწორედ ბელარუსის ტერიტორიაზე იმართება. 

რუსეთის დელეგაცია ბელარუსში დღის პირველ ნახევარში ჩავიდა და უკრაინულ მხარეს სამ საათამდე მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა შესთავაზა.

"ჩვენ არ ვისაუბრებთ მინსკში, დაე იყოს ნებისმიერი სხვა ქალაქი იმ ქვეყნისა, საიდანაც უკრაინაში რაკეტები არ მოფრინავს" - შეთავაზებაზე უარი ამ სიტყვებით განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც ბელარუს ხალხსაც მიმართა.

უკრაინის პრეზიდენტის ემოციურ მიმართვას საკმაოდ ცივად უპასუხა ბელარუსის პრეზიდენტმა, რომელმაც უკრაინაში ომს კონფლიქტი უწოდა. ლუკაშენკომ ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით რაკეტების გაშვებაც დაადასტურა და ეს იძულებითი მდგომარეობით ახსნა.

ერთი შეხედვით, ამ გამოუვალი მდგომარეობის შემდეგ ზელენსკიმ და ლუკაშენკომ ტელეფონით ისაუბრეს. საუბრის შემდეგ ზელენსკიმ ბელარუსში ჩასვლა და რუსულ მხარესთან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მოლაპარაკებებში მონაწილეობა დაადასტურა.

რთულია პროგნოზი, რა შედეგით დასრულდება, იქამდე კი სამხედრო შეტაკებები უკრაინის ტერიტორიაზე, ცაშიც და ხმელეთზეც, კვლავ შეუჩერებლად მიმდინარეობს.

ხარკოვი, ხერსონი, ოდესა, ნიკოლაევი, სუმი, ჩერნიგოვი, ჟიტომირი, კიევი - ამ ტერიტორიებზე გასული დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის ხმა ყველაზე ხშირად ისმოდა. რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს სამხედრო ობიექტები, ნავთობის ბაზა, გაზსადენი, საცხოვრებელი კორპუსები და უკრაინის ტერიტორიაზე კვლავ ნგრევის კვალი დატოვეს. თუმცა მტრის შეტევა უკრაინულმა ძალებმა კვლავ მოიგერიეს და ყველა დიდი ქალაქი კვლავ მათი კონტროლის ქვეშაა.

ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ზელენსკის თქმით, რუსეთმა გენოციდისთვის პასუხი უნდა აგოს. პარალელურად, გაერო-ს გენერალურ ასამბლეას მიმართავს წინადადებით რადა. საკანონმდებლო ორგანოში ფიქრობენ, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი იმ დანაშაულთა გამოსაძიებლად, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა  მსოფლიო ქვეყნების წინააღმდეგ ჩაიდინა.

დღის ამბები