27 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
არ გაუშვათ მამაკაცები განწირული სიკვდილისთვის, დამალეთ ისინი, მათ მოკლავენ - უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსეთის მოსახლეობას მიმართავს

"გამოდით გარეთ, ნუ გეშინიათ! მოითხოვეთ რუსული არმიის უკრაინიდან გაყვანა, სიმართლე თქვენს მხარეს არის!" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი რუსეთის მოსახლეობას მიმართავს. 

ალექსეი რეზნიკოვი ამბობს, რომ უკრაინის უწყება საქმის კურსშია, თუ როგორი მოტყუებით მიჰყავთ რუსულ არმიაში ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭები და სინამდვილეში არ უმხელენ, თუ სად მიჰყავთ ისინი და რა ელოდებათ წინ. 

მინისტრის თქმით, რუსეთის მოსახლეობას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ გადაარჩინონ მათი ახლობლები და არ გაწირონ სიკვდილისთვის. ალექსეი რეზნიკოვი მოუწოდებს მათ, გადამალონ მათი ახლობლები (მამაკაცები) და გამოვიდნენ გარეთ.

"ახლა კი მინდა რუსეთის ფედერაციის მოსახლეობას მივმართო. განსაკუთრებით ქალებს - რუსი ჯარისკაცების და ოფიცრების ცოლებს, დედებს, მეგობრებს.

უკრაინაში რამდენიმე დღიანი ინტერვენციის შედეგად განადგურებული იქნება იგივე რაოდენობის სამხედრო პირი, რამდენიც ჩეჩნეთის ორი ომის შედეგად. ათასობით. ათასობით.

რუსეთის მმართველი მკვლელი გახდა. არა მხოლოდ უკრაინელების მკვლელი, არამედ რუსებისაც.

ჩვენ ვიცით, რომ ახლა მთელ რუსეთში სასწრაფო წესით არმიაში სულ მთლად ბიჭები მიჰყავთ; რომ მინიმალური საბრძოლო უნარების გარეშე წვევამდელების გადასაყვანად ემზადებიან; რომ კონტრაკტორებს არ ეუბნებიან  სინამდვილეში სად მიჰყავთ და რა ელით მათ.

დამალეთ თქვენი ახლობლები თუ ისინი თქვენთვის ძვირფასი არიან. არ გაუშვათ განწირული სიკვიდლისთვის. მათ თითოეული უკრაინული ქალაქის თითოეული ფანჯრიდან მოკლავენ.

გამოდით გარეთ, მოითხოვეთ ომის გაჩერება, მოითხოვეთ რუსული არმიის უკრაინიდან გაყვანა.

ნუ გეშინიათ! სიმართლე თქვენს მხარეს არის. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ ყველაფრის შეცვლა, რომ მერე არ ინანოთ.

როდესაც კრემლის სამხედრო დანაშაულებებზე ყველა ინფორმაცია გაჟღერდება, თქვენი ახლობლები თქვენი მადლიერები დარჩებიან,"- განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა

დღის ამბები