27 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
ევროსაბჭოში რუსეთს წევრობის უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველომ მხარი დაუჭირა - ირაკლი ჩიქოვანი

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანმა, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ევროსაბჭოში რუსეთს წევრობის უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველომ მხარი დაუჭირა. 

მისივე თქმით, საქართველო თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად:

"ხელისუფლებას დაფიქსირებული აქვს, რომ ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ ინტერესებს, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია. ამავდროულად, ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რათა აღვუთქვათ მხარდაჭერა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს სახელმწიფოც უკვე წლებია იმყოფება ოკუპაციის პირობებში. ეს სახელმწიფო უკვე წლებია ებრძვის რუსეთის ანექსიას. ჩვენი შესაძლებლობები ეყრდნობა იმას, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რათა მოკლე დროში მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. 

რაც დღეს მოხდა, ეს არის განსაკუთრებული ფორმატი და შემთხვევა, რადგან იქნა სწრაფი გადაწყვეტილება მიღებული და ევროპის საბჭო არ წავიდა საპარლამენტო ასამბლეის გზით, სადაც მოხდებოდა უახლოეს შუალედურ სხდომაზე, რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა. მინისტრთა კომიტეტს და ევროპის საბჭოს ჰქონდათ ერთობლივი კონსულტაციები, რის საფუძველზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთს წარმომადგენლობის უფლება შეუჩერდეს დაუყოვნებლივ. ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა და ვთვლი რომ ესეც ნათეილა გამოხატულებაა იმისა, რომ საქართველო მის ხელთ არსებულ შესაძლებლობებს იყენებს უკრაინის მხარდასაჭერად,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

 

 

 

 

დღის ამბები