27 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
ნგრევა, რომელიც მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ არავის ახსოვს - 40 საათია უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმას უმკლავდება  

კიევზე იერიში რუსეთმა გამთენიისას დაიწყო და ამ დრომდე პერიოდულად ირთვება განგაშის სიგნალი. ბრძოლები მიდის სხვა ქალაქებშიც.

უკვე 40 საათია უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმას უმკლავდება. არავინ იცის რამდენს გაუძლებს ქვეყანა და ქალაქი, რომლებსაც ასეთი მასშტაბის დაბომბვა და ნგრევა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში ახსოვს. ჭურვები ხვდება კორპუსებს, რომელთა მცხოვრებლებიც მძიმედ არიან დაჭრილები.

ვრცელდება ინფორმაცია დაბომბილი ბავშვთა სახლების, საბავშვო ბაღების და საავადმყოფოების შესახებ, რომელთაგანაც ერთ-ერთში ონკოლოგიური პაციენტები იმყოფებიან.

მორიგ მიმართვაში მთავარსარდალმა მარტო დარჩენილ უკრაინაზე მოსახლეობას თავად უამბო. ვოლოდიმერ ზელენსკიმ მოქალაქეებს ისიც უთხრა, რომ მტერმა პირველ სამიზნედ მონიშნა, მაგრამ არსად წასვლას არ აპირებს და ოჯახთან ერთად კიევში რჩება.

რუსეთის პირისპირ დარჩენილმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვს მოლაპარაკებების დაწყებაც შესთავაზა, მათ შორის უკრაინის ნეიტრალიტეტის სტატუსზე. თუმცა, იქამდე ზელენსკიმ უსაფრთხოების მეტი გარანტიებიც მოითხოვა.

ადრესატებმა პასუხიც არ დააყოვნეს. რუსეთი მზად არის მოლაპარაკებების დასაწყებად. საომარ მოქმედებებში ჩართული მხარეების ლიდერები შესაძლოა ერთი მაგიდის გარშემო მინსკში დასხდნენ. კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, რუსული მხარე მზად არის დელეგაციის გასაგზავნად. რუსეთის პირველმა დიპლომატმა კი უკრაინის პრეზიდენტს შეახსენა, რომ ხელიდან არაერთი შესაძლებლობა უკვე გაუშვა.

კიევი ალყაშია. რუსეთის შეიარაღებული ძალები დედაქალაქს სულ უფრო მეტად უახლოვდებიან. სამხედროები ებრძვიან მტერს, რომელიც მათი დედაქალაქის აღებას ამ დრომდე ცდილობს. არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათი სამიზნეა საავადმყოფოებიც. რუსი სამხედროები თავდასხმისთვის ბალისტიკურ რაკეტებს იყენებენ. კიევის ქუჩებში რუსული ტანკები გადაადგილდებიან.  

ყველა ვისაც, სროლა შეუძლია მტრის დასახვედრად და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. უკრაინელი ჯარისკაცები პოზიციებს იკავებენ და მოგერიებისთვის ემზადებიან. კიევში მოსახლეობაში 18 000-ზე მეტი ავტომატია უკვე დარიგებული, ფრონტის ხაზზე წასასვლელად მოხალისეების რიგები არ წყდება. იარაღი ხელში აიღეს ქვეყნის ოფიციალურმა პირებმაც.

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საყოველთაო მობილიზებას და უკრაინიდან გასვლა აეკრძალათ 18- დან 60 წლამდე მამაკაცებს. 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი თავდასხმა კიევს არ ახსოვს. ქალაქის დაბომბვის საფრთხის გამო მოსახლეობა თავს მეტროებსა და თავშესაფრებს აფარებს, კიევსა და მის შემოგარენში კომენდანტის საათის სიჩუმეს განგაშის სიგნალი არღვევს. 

განსაკუთრებით მძიმე ბრძოლა მოუხდათ დღეს უკრაინელ სამხედროებს დედაქალაქის რაიონ ობოლონში. ხელისუფება მოსახლეობას მოუწოდებს დარჩნენ სახლში და დაამზადონ მოლოტოვის კოქტეილები, ან გადავიდნენ თავშესაფრებში. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებისთვის თავის დასაცავად "მოლოტოვის კოქტეილის" დამზადების ინსტრუქციასაც ავრცელებს და თავდაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ცეცხლის გახსნისკენ მოუწოდებს. 

სუმის ოლქის დასახლებაში უკრიანულმა ძალებმა რუსული სამხედრო კოლონების შესაჩერებლად ხიდი ააფეთქეს. გენიჩესკის საავტომობილო ხიდის აფეთქების დროს კი კიდევ ერთი ჯარისკაცის გმირობის ისტორია დაიწერა. იმისთვის რომ ყირიმიდან წამოსული რუსული სამხედრო კოლონები შეეჩერებინათ სამხედროებმა ხიდი დანაღმეს, მტრის მოახლოების გამო საინჟინრო ბატალიონის მეზღვაურმა გამოსვლა ვერ მოასწრო და აფეთქებას შეეწირა. 

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 137 ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსულ მხარეს დანაკარგი 1000 ჯარისკაცს აღემატება, განადგურებულია 30-ზე მეტი რუსული ტანკი, 6 ვერტმფრენი და რამდენიმე საფრენი აპარატი. ასეთია ფართომასშტაბიანი ომის ორი დღის ისტორია.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროპის კონტინენტზე ყველაზე დიდი ომის მეორე დღე იწურება. რუსი აგრესორები უკრაინაში სამი მხრიდან შეიჭრნენ - აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. დაიბომბა არა ერთი სტრატეგიული ობიექტი, იქცევა თუ არა კიევი ფრონტის ხაზად - მოვლენების განვითარებას აღმოსავლეთ ევროპაში ახლა მთელი მსოფლიო ელოდება. 

 

 

დღის ამბები